მარიამ კუპატაძე
25.07.2018

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ეხმაურებიან.

„ბიძინა ივანიშვილის ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

"ძალიან ტენდენციური უნდა იყო გუშინდელი ინტერვიუს მომსმენი ადამიანი, რომ დაინახო ის, რაც არავის უთქვამს. რეალურად, ბატონი ბიძინა არის პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, პარტიულ ფორმატში ის ერევა გადაწყვეტილების მიღებაში და არა იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია პარტიის ხელმძღვანელს. მისი როლი ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება რა ამხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე. მისი ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუთი კმაყოფილია.

მისი თქმით, კითხვები აღარ უნდა იყოს გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, დენდროლოგიურ პარკსა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საქართველოში.

"ჩემი აზრით, ეს იყო ამომწურავი, პირდაპირი და გულახდილი პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნამდვილად გულახდილი - ამას გავუსვამ ხაზს, რადგან ნამდვილი გულახდილობა პოლიტიკაში იშვიათი ხილია. ყალბი გულახდილი პოლიტიკოსები და ყალბად გულახდილი ინტერვიუები ბევრი გვინახავს. ადამიანი ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს და აჩვენებს, თუ რა ინტერესი გააჩნია მას ამ ქვეყნის მიმართ და რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.

ამის მერე საზოგადოებაში თუ კიდევ ვინმეს დარჩება კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ გადადგა კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი თუ ალავიძე, ასევე, თუ კითხვა დარჩა იმის შესახებ, თუ რა სიკეთე კეთდება ქვეყანაში დენდროლოგიურ პარკთან მიმართებაში, ეს იქნება ბოროტი, არაკეთილმოსურნე ადამიანის პოზიცია. მგონი კითხვები არ დარჩა ერთ ლარსა და ავტოსადგომების თემაზე. ასევე მგონი კითხვა არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ რა უნდა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს. ბევრ ადამიანს შეიძლება ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანი შეიძლება აკეთებდეს უანგაროდ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უანგაროდ უყვარს ეს ქვეყანა და უნდა ქვეყანა გახდეს ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა შვეიცარია, დანია და ნორვეგია...ვიზიარებ იმ არგუმენტაციას, რაც ითქვა, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველა ინსტიტუტი "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ არის, ჯანსაღი კონკურენცია ჩვენვე გვაძლიერებს. დღეს ეს ჯანსაღი კონკურენცია ოპოზიციის მხრიდან არ გვაქვს. პოლიტიკური ოპოზიცია დღეს პირადად ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზეა გადასული", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა რა წუხილი ჰქონდა:

„ჭარბვალიანობის და ბანკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდა მას საუბარი, ისევე, როგორც პარლამენტთან ურთიერთობაზე, ამ ტენდენციების უფრო მეტად გააქტიურებაზე. მეც მსმენია და მქონია ამ თემაზე მასთან საუბარი. მგონია, რომ ეს არის მხოლოდ კარგი დემოკრატიისთვის და კარგი ანგარიშვალდებულებისთვის, ასე რომ, ამას მივესალმები.

ვფიქრობ, ნათლად ახსნა ბიძინა ივანიშვილმა, რა წუხილი, რა განცდა და რა არგუმენტების გამო ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის ძირითადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ის არასამართლებრივი სივრცე, რაც შეიქმნა და, რამაც ძალიან ბევრი მოქალაქე დააზარალა, ასევე, რეფორმების უფრო სწრაფად განხორციელების სურვილი საბანკო სფეროსთან მიმართებაში. აღნიშნული მან ნათლად, ღიად და ძალიან კორექტულად ახსნა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად თავად ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია", - ამის შესახებ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×