ეკატერინე ბასილაია
26.07.2018

 მომავალი დღეების მთავარი ინტრიგაა, ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, თუ სხვა დამოუკიდებელ ან ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ამ თემაზე მმართველ გუნდში დიდი დაბნეულობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის უმჯობესია და მისი სურვილია, "ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ოცნების" წევრები ხმამაღლა დიდი მოწონებით ეხმაურებიან საკუთარი გუნდის ლიდერის სურვილს და უდიდესი ნაწილი ერთხმად აცხადებს, რომ ეს არის დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურა, თუმცა არის მცირე ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ ოპოზიციას დემაგოგიის საშუალება რომ არ მიეცეს, უმჯობესია, "ოცნებამ" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს.

საგულისხმოა, რომ ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო სარწმუნო ხდება მედიაში ერთი კვირის წინ გავრცელებული ის ინფორმაცია, რომ "ოცნება" სალომე ზურაბიშვილს სთავაზობს, პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი და მხარდაჭერასაც ჰპირდება.

თავად ზურაბიშვილი ამ თემაზე კომენტარს ისევ არ აკეთებს და ჟურნალისტების შეტევის საპასუხოდ აცხადებს, რომ როცა დრო მოვა, თავად იტყვის ყველაფერს.

ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" კანდიდატების დასახელების პრობლემა არ აქვს, გუნდს შეუძლია, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი დაასახელოს, მაგალითად, იგივე სოზარ სუბარი, ზურაბ აბაშიძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, ან თავადაც და "ოცნების" ნებისმიერი კანდიდატი პირველივე ტურში უპრობლემოდ გაიმარჯვებს კიდეც, მაგრამ დემოკრატიისთვის სჯობს, დამოუკიდებელმა კანდიდატმა იყაროს კენჭი.

ივანიშვილის თქმით, ევროპაში "ცოტა ველურად ჟღერს" ის, რომ ხელისუფლებაში, გამგებლიდან დაწყებული, პრემიერის ჩათვლით, ყველა პოზიცია, ისე როგორც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთი პარტიის ხელშია.

"ქვეყნისთვის, მისი სწრაფი განვითარებისთვის, უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ან დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი (სამწუხაროდ, პარტიებიდან ვერავის დავუჭერთ), ან, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება, არც არავის დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი", - თქვა ივანიშვილმა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, გუნდში მის პოზიციას როგორც მხარდამჭერები, ისე მოწინააღმდეგეები ჰყავს და ამიტომაც უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მათ გუნდში ძლიერი კანდიდატების პრობლემა არ აქვთ და ივანიშვილის მიერ უკვე ჩამოთვლილ გუნდის შესაძლო კანდიდატებს ერთი ახალი გვარიც მიუმატა - გიორგი კახიანი, მაგრამ იქვე თქვა ისიც, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

თალაკვაძის თქმით, ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხრიდან მონაწილეობის ინტერესი გაიზრდება.

"ვფიქრობ, პოლიტიკაში ბალანსის გაუმჯობესება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ მომენტისთვის და საინტერესო", - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობის საკითხს, თალაკვაძის შეფასებით, ის ძლიერი კანდიდატი იქნება, თუმცა პარტია რა პოზიციას დააფიქსირებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ეკა ბესელიას შეფასებით, "ის, რომ მმართველმა პარტიამ შეიძლება დათმოს საპრეზიდენტო თანამდებობა და დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურაა".

"ჩვენ ბევრი ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი შეგვიძლია, ვიპოვოთ საკუთარ გუნდში, მაგრამ ვინაიდან ვიწრო პარტიულად არ ვიკეტებით და გაცილებით უფრო ფართო ჭრილში ვხედავთ დემოკრატიას, მე ეს მახარებს", - ამბობს ბესელია.

"ოცნებაში" ასევე არის ნაწილი, რომელსაც ოპოზიციისთვის პრეზიდენტობა არ ეთმობა.

"დღეს ოპოზიციური აზრი გამოიხატება მხოლოდ ლანძღვა-გინებით და არა - აკადემიური კრიტიკით ან კონკრეტულის შემოთავაზებით. ამ შემთხვევაში რამდენად გამართლებულია, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა სიძულვილის ენით მოსაუბრე ოპოზიციას დავუთმოთ? ვფიქრობ, ამით საფრთხის წინაშე ვაყენებთ სახელმწიფოს სტაბილურობას", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ოპოზიციას დემაგოგიის საშუალება რომ არ მიეცეს, უმჯობესია, "ოცნებამ" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, დამოუკიდებელი კანდიდატი უფრო სწორი იქნებოდა იმ ტიპის პრეზიდენტისთვის, რა ტიპის პრეზიდენტსაც ვირჩევთ და თავადაც ამის მომხრეა, მაგრამ თვლის, რომ არ შეიძლება, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა.

"მე მგონია, რომ საზოგადოება ამას ვერ გაიგებს და სისუსტის გამოვლინებად ჩათვლიან. ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია, მმართველი პოლიტიკური ძალა არჩევნებში მონაწილეობდეს. საპრეზიდენტო კანდიდატი ჩვენი წიაღიდან იქნება წამოსული, თუ ეს იქნება გარეშე პირი, ამაზე დისკუსია გვექნება.

"არიან დეპუტატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანდიდატი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური წიაღიდან წამოსული", - ამბობს ჩუგოშვილი.

ივანიშვილის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის დასახელების სურვილს "მორიგ ფარსად" აფასებენ ოპოზიციაში.

"ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა, სწორედ ამას ემსახურება იდეა, რომ მოიყვანონ თითქოსდა გარეშე და დამოუკიდებელი ადამიანი, რანაირად იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუ მის ზურგს უკან დგას "ქართული ოცნება"?!

"რა მნიშვნელობა აქვს ფურცელზე პარტიის წევრობა, თუ, სინამდვილეში, ზურგს გიმაგრებს პარტია და კამპანიას ატარებ მისი მხარდაჭერით?" - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

"ლეიბორისტების" საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს არ სურს, ტყვიას დაუდგეს პოლიტიკურად პირდაპირ მიზანში.

"ის აპირებს, ჩააცხროს მომეტებული უარყოფითი მუხტი საზოგადოებაში იმ გზით, რომ ან არ დააყენოს თავისი პოლიტიკური ძალიდან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა, ან მხარი დაუჭიროს, მისი აზრით, ნეიტრალურს, ან ჩუმად იმუშაოს რომელიმე სატელიტის გაყვანაზე.

"მას არ სურს, ტყვიას დაუდგეს პოლიტიკურად პირდაპირ მიზანში იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამარცხვინო მდინარაძე-თალაკვაძე-ბესელიას უმრავლესობა და, შესაბამისად, სამთავრობო კონტროლი ქვეყნის მთელ სისტემებზე. ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ", - განაცხადა ნათელაშვილმა.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას, ამბობს, რომ სამარცხვინო მოვლენაა, როდესაც 6-წლიანი მმართველობის შემდეგ მმართველ პარტიას რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თუ კანდიდატი არ იქნება, მაშინ წაიღოს ოპოზიციამ საპრეზიდენტო თანამდებობა, რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკრეტულად გაურიგდება ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას და ამას გააფორმებს დემოკრატიის გამარჯვებად. არ გამოგივათ, ბატონო ბიძინა!" - განაცხადა ბურჯანაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×