მარი ჩიტაია
26.07.2018

 ეროვნული ბანკის განმარტებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია და შესუსტებულია ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები, ამიტომ კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყება. ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ, მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი.

სებ-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა და, წინასწარი მონაცემებით, პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ შეადგინა 6,1%, რაც პროგნოზირებულზე მაღალია ძირითადად, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ეროვნული ბანკის განცხადებითვე, ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც და შედეგად, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ბანკმა 5,5%-მდე გაზარდა.

სპეციალისტებს მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ შეიძლება, მან მაკროეკონომიკაზე არსებითი გავლენა ვერც მოახდინოს, თუმცა ნაწილი არ გამორიცხავს, ცვლილება დაახლოებით 2 კვარტალში აისახოს.

ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, ეკონომიკაზე გვიანი გავლენა დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული.

"სებ-ი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში ინფლაცია არ გაიზრდება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც ძირითადად ამით არის გამოწვეული. ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ინფლაცია შეიძლება შემცირდეს კიდეც და ამიტომ ამცირებენ ფულის ღირებულებას. ეს ნიშნავს, რომ სებ-ი ოდნავ ნაკლებ თანხას ამოიღებს საქართველოს მოსახლეობისგან და ფულს ოდნავი მოცულობით გააიაფებს. წესით, როცა მსგავსი პროცესები სხვა ქვეყნებში ხდება, კომერციული ბანკები ყოველთვის რეაგირებენ ხოლმე და საფასო პოლიტიკას ყოველთვის ამცირებენ ან ზრდიან. თუმცა, საქართველოში მსგავსი მოლოდინი ნურავის ექნება. სებ-ი თვითონ აღიარებს, რომ მონეტარული ცვლილება ეკონომიკაზე 3-4 კვარტალის შემდეგ აისახება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1,-1,5 წელიწადიც დასჭირდება. ამით ის აღიარებს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეკონომიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ეფექტის გვიანი გამოვლენა განპირობებულია დოლარიზაციის გავლენით. ლარის მასა ეკონომიკაში, უცხოურთან შედარებით, არის 4-ჯერ უფრო ნაკლები. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სებ-მა, ის მართავს მხოლოდ ლარის მასას და მისი გადაწყვეტილებების ზემოქმედება ეკონომიკის მხოლოდ -4-ზე ხდება და არა - მთელ ეკონომიკაზე. ასეთ ვითარებაში რაც არ უნდა გააკეთოს სებ-მა, ის მაკროეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. სწორედ მასზეა ნათქვამი, "შიშს დიდი თვალები აქვსო". სებ-ს ეშინია ინფლაციის ზრდის, რადგან ამ პროცესს ვერ მართავს და ცდილობს, რომ ფულის მასას ხელი მოუჭიროს", - ამბობს ლია ელიავა.

საპირისპირო მისაზრებისაა პროფესორი გოჩა თუთბერიძე, რომლის შეფასებითაც, მონეტარული პოლიტიკის ცვლილება სტიმულს მისცემს ეკონომიკურ ზრდას, თუკი ტურიზმის გავლენა პოზიტიური იქნება და არც ექსპორტს დაემუქრება საფრთხე.

"ეროვნული ბანკი ამწუთას უყურებს ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც პროგნოზირებადზე დაბალია. შესაბამისად, მან შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ამით სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას ანუ ეცდება, რომ უფრო მეტი ინვესტიციები წავიდეს ეკონომიკაში და ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს. ჩანს, რომ ასეთია ამ ეტაპზე სებ-ის გადაწყვეტილების საფუძველი. ამასთან, ამბობს, რომ შედეგი იქნება 2-3 კვარტალის შემდეგ, მაგრამ შეიძლება, 2 კვარტალიც საკმარისი იყოს. თუმცა, სანამ შედეგი გვექნება, მანამდეც შეიძლება სებ-ს მოუწიოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შეცვლა უკვე ზრდის მიმართულებით.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელია, რადგან არ ვფიქრობდი, რომ ახლა შემცირება არის საჭირო, ალბათ, არ მაქვს ამისთვის საკმარისი ინფორმაცია, სებ-ისგან განსხვავებით. შედეგს უნდა ველოდოთ 2-3 კვარტალის ფარგლებში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ როცა დამთავრდება ტურისტული სეზონი და ექსპორტსაც თუ პრობლემა არ შეექმნა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევა დაგვჭირდეს, საამისოდ ბევრი გაუთვალისწინებელი მიზეზი შეიძლება, გვქონდეს", - განუცხადა "რეზონანსს" გოჩა თუთბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×