თამარ მუკბანიანი
26.07.2018

 ქართული ეკონომიკის გასაჭირსა და მოსახლეობის სიდუხჭირეზე პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი პირველად ალაპარაკდა.

2012 წლის შემდეგ მოსახლეობა გაღარიბდა, ეკონომიკური ზრდა, რიგითი მოქალაქეების ნაცვლად, ერთეულებზე აისახა, ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა - ამ ფაქტორებს ასახელებს იგი პოლიტიკაში საკუთარი მიბრუნებისა და გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვების მთავარ მიზეზებად. მისივე თქმით, არსებობს სავალუტო ფონდის კრიტიკული ანგარიში, რომელიც კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა დამალეს.

აყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, თავის პირველ ვრცელ ინტერვიუში აქცენტს ქვეყნის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე აკეთებს და ამბობს, რომ სწორედ ამ ფაქტორმა გადააწყვეტინა ეკონომიკაში შებრუნება. მისივე თქმით, იუნისეფ-ის ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2012 წლის მერე ქვეყანა უფრო მეტად გაღარიბდა, მისთვის შოკისმომგვრელი იყო. ასევე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა და საჭიროა მესამე ძლიერი მოთამაშე ამ ბაზარზე. ბანკების არაჯანსაღი დომინირება ეკონომიკაში კი სრულიად კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის ქვეშააო, აღნიშნა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერის თქმით, არსებობს სავალუტო ფონდის კრიტიკული ანგარიში, რომელიც კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა დამალეს.

საგულისხმოა ისიც, რომ ივანიშვილმა 7.5%-იანი ეკონომიკურ ზრდაში კვირიკაშვილის როლი ყველაზე ნაკლებად დაინახა და თქვა, რომ ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ამოქმედების ბრალი უფროა, ვიდრე სამთავრობო რეფორმებისა. ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის გუნდის მხრიდან ხდებოდა საბანკო სექტორის პირდაპირი ლობირება, რისი წყალობითაც ბანკების კაპიტალის ზრდამ ბევრად გადააჭარბა ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

"მთავრობას არ აქვს არავითარი ბერკეტი, კომერციულ ბანკებს აიძულოს საპროცენტო განაკვეთის დაწევა, არაპროფილური აქტივების მართვაზე უარის თქმა ან გაცმულ სესხებზე პროცენტი შეუცვალოს, ან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს, ან არ იმანიპულიროს სავალუტო ბაზარზე... მთავრობის რესურსი ამ მხრივ მინიმალურია და ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, მათგან კი მსგავს ნაბიჯებს ნამდვილად არ ველოდები, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდება მთავრობის მიერ მოწოდება ან არაფორმალური გზებით ჩარევა მათ გადაწყვეტილებებში.

ამ სექტორისათვის ერთ-ერთი სოლიდური დარტყმა იქნება ესტონურ მოდელზე საბოლოოდ უარის თქმა, რაზეც ივანიშვილმა ისაუბრა. მოგეხსენებათ, ამ მოდელში ბანკების შეყვანამ, ჯერ 2018 წლიდან 2020-წლამდე გადაიწია, ახლა კი ითქვა, რომ ეს შესაძლოა, საერთოდ აღარ მოხდეს. ამაზე წლებია, ვსაუბრობთ ექსპერტები, მაგრამ ცხადია, ივანიშვილის განცხადებას სულ სხვა, პოლიტიკური წონა აქვს", - ამბობს ჭარაია.

ცნობილია, რომ ივანიშვილმა მესამე ბანკის შემოსვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა, ჩინური საინვესტიციო ბანკი იყოს.

"ლიბერთი" ამ ეტაპზე სიდიდით მესამე ბანკია, მაგრამ მისი ამ ორი ბანკისთვის დაწევა ნაკლებ სავარაუდოა. გარდა ამისა, საუბარი იყო ჩინური საინვესტიციო ბანკის შემოსვლაზე, რომლის კაპიტალიზაციაც 1 მლრდ დოლარს უნდა გატოლებოდა და ეტაპობრივად გაზრდილოყო, შეიძლება, ამას გულისხმობდა ივანიშვილი. ამ ბანკს ნამდვილად შესწევს უნარი, უფრო დიდი, რამდნეიმე მილიარდის კაპიტალიზაციით შემოვიდეს, თუმცა ეს ალბათ უკვე ძალიან მსხვილი მოლაპარაკებების საგანი იქნება. ფორმალურად ეს მარტივია, რადგან ინვესტორს თუ უნდა, შემოვა. რეალურად ეს ბევრ ქვედინებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება სავალუტო ფონდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, როგორც წესი, სავალუტო ფონდი ზოგადად იძლევა ღია და დახურულ რეკომენდაციებს. ღიაა წვდომა ყველასთვის, დახურული კი - მხოლოდ მთავრობის წევრთათვის, ეს არის დამატებითი პუნქტები. ჩემთვის უცნობია, ნამდვილად დაიმალა თუ არა მისი რეკომენდაცია კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის მხრიდან, როგორც ჩანს, იქ იმდენად მწვავე პუნქტები იყო, რომ მათ არჩიეს, ეს არავის სცოდნოდა.

გამიჭირდება ალავიძის, ქუმსიშვილის ან კვირიკაშვილის კონკრეტულ გადაცდომებზე საუბარი, თუმცა ფაქტია, წინა ეკონომიკური გუნდის მხრიდან ხდებოდა საბანკო ბიზნესის ლობირება. სწორედ ამის დამსახურებით, ბანკების კაპიტალის ზრდამ ბევრად გადააჭარბა ქვეყნის ეკონომიკის ზრდას", - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ექსპრემიერის გამოსვლის აქცენტებს იწონებს. ასევე აღნიშნავს, რომ კვირკაშვილმა შექმნა სტუქტურა, სადაც ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ერთეულებზე აისახებოდა.

"ბანკებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი ადგილი სახელმწიფო ქსოვილში და ეს ფინანსური მომსახურებაა. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ბანკებმა დაიწყეს დომინირება ეკონომიკაზე, რაც განვითარების თვალსაზრისით ძალიან სახიფათო იყო. იგივე, არაპროფილური აქტივების მართვის თვალსაზრისით, სხვა ბიზნესებში შესვლის თვალსაზრისით. ასე რომ, რეგულაციები, რომლებიც დააბრუნებს ბანკებს თავიანთი ძირითადი საქმიანობის სფეროში, ნამდვილად სწორი იქნება. აქ ერთადერთი სირთულე ისაა, რომ ნახევარი საქართველო უკვე ჩალომბარდებულია ბანკებში, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება გამოსავლის პოვნა. ე.წ. ბრმა ტრასტებში უნდა მოხდეს ამ აქტივების გადატანა, რომ ბანკები ამ აქტივების მართვასაც ჩამოშორდნენ და მათი დავალებით ამ ტრასტებმა მოახდინონ ოპერირება. ბანკებმა, უნდა აკეთონ ქვეყანაში თავისი საქმე, მხოლოდ ფინანსური მომსახურება და სხვა სფეროებში არ უნდა შევიდნენ, რადგან ეს იწვევს კონკურენციის სფეროების შეზღუდვასა და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ეს წახალისებული იყო ყოფილი პრემიერისაგან.

მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ეკონომიკის სტურქტურა ისე იყო აწყობილი, რომ ქართული ეკონომიკის მიერ გამომუშავებული სიკეთე ერთეულების ხელში ხვდებოდა და საზოგადოების დანარჩენ წევრებამდე ვერ აღწევდა, ანუ კეთილდღეობის გადანაწილება არ ხდებოდა. სწორედ ამან გამოიწვია საშუალო სტატისტიკური ქართველის უფრო გაღარიბება, რაზეც ივანიშვილი საუბრობდა. აი, ეს პროტექციონიზმი ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი სავალუტო ფინდის ანგარიშში, რომელიც კვირიკაშილმა და ქუმსიშვილმა დამალეს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×