ტატა შოშიაშვილი
26.07.2018

 ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გადაწყვიტა, რომ ქვეყნები, რომლებიც უარს იტყვიან რუსულ იარაღზე და გადავლენ ამერიკულ შეიარაღებაზე, გათავისუფლდებიან სანქციებისგან.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, ამ საკითხზე მუშაობს და ეს დაკავშირებულია შეიარაღების ბაზარზე იმ საკმაოდ მძაფრ კონკურენციასთან, რომელიც რუსეთსა და ამერიკას შორის არსებობს.

სანქციების რეჟიმიდან ამ გამონაკლისის დასაშვები კრიტერიუმები გაწერილია თავდაცვითი პოლიტიკის ყოველწლიური კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში, რომლის მოკლე შინაარსი გამოაქვეყნეს შეიარაღებული ძალების პალატის კომიტეტის წარმომადგენლებმა.

გარდა ამისა, პენტაგონის მეთაურმა ჯიმ მეტისმა განაცხადა, რომ ეს გამონაკლისები ქვეყნებს მისცემს იმის საშუალებას, რომ უსაფრთხოების სფეროში ამერიკასთან უფრო კარგი ურთიერთობა დაამყარონ.

მისი თქმით, ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყნები გააგრძელებენ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე მოთხოვნილების შემცირებას. მეტისმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ქვეყნებმა რუსეთს მიმართონ და დაკარგონ შანსი ამერიკულ მსოფლმხედველობასა და სტაბილურობასთან ზიარებისა, რომელიც "შესაძლოა, თაობაში მხოლოდ ერთხელ გაჩნდეს".

მაისაიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია მუშაობენ ამ საკითხზე: "ეს არ არის ახალი თემა. ამერიკელებს დიდი ხანია, ჰქონდათ ეს საკითხი დასმული. ახლა შეერთებულ შტატებში ცდილობენ, რომ თავისი ბაზარი არ დაკარგონ.

"ამ შემთხვევაში საუბარია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსის წევრებზე. ბუნებრივია, რომ იქ რუსული იარაღის როლი საკმაოდ მძლავრი ხდება იმიტომ, რომ პუტინმა 2010 წელს ამ საქმეში ჩადო დაახლოებით ექვსასი მილიარდი დოლარი. დღეს ეს თანხა აისახება რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ ამერიკელებისთვის ეს არის საკმაოდ რეალური გამოწვევა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ძირითადად ამოძრავებს მეგაბიზნესინტერესები და ბაზრის უფრო მეტად მერკანტილური გეოპოლიტიკური ინტერესები, ვიდრე იდეოლოგიური და სხვა. მეტისი უბრალოდ ცდილობს, რომ ეს ფაქტი უფრო ლამაზი ფორმით გადმოსცეს საზოგადოებას.

"თუმცა, ჩემი აზრით, ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში გახდნენ ნატო-ს წევრები და რომელთაც გააჩნიათ რუსული შეიარაღება. ეს უკვე ძალიან აწუხებს ნატო-ს, ასე ვთქვათ, ვეტერან წევრებს. ძირითადად საუბარია პოლონეთზე, ჩეხეთზე, უნგრეთზე, ბულგარეთსა და რუმინეთზე, რომელთაც დიდი რაოდენობით აქვთ რუსული შეიარაღება", - განაცხადა მაისაიამ.

"რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყურადღება მიექცევა ნატო-ს წევრ იმ ქვეყნებს, რომელთაც რუსული იარაღი აქვთ შესყიდული ან აპირებენ შეიარაღების კომპონენტების მათგან შეძენას.

"ამ შემთხვევაში, თუ ყოფილი საბჭოთა და სოციალისტური ბლოკის წევრებში რუსული და საბჭოთა იარაღი ჭარბობს გასაგები მიზეზების გამო და ისინი ეტაპობრივად აპირებენ გადასვლას ამერიკულ და ნატო-ს სტანდარტებზე.

"ნატო-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო, თუნდაც თურქეთი, გარკვეულწილად იტალია და ა.შ. აპირებენ შეიარაღების კომპონენტების შესყიდვას. როგორც ჩანს, სწორედ მათზეა ორიენტირებული ეს კანონი, რათა არ გაუჩნდეთ ცდუნება რუსული იარაღის შესყიდვისა.

"მაგალითად, თურქეთი აპირებს, რომ შეისყიდოს არა მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექტები, არამედ ისინი აპირებენ, რომ შეისყიდონ სხვა ტიპის შეიარაღებაც. თურქეთის მიერ შეძენილი იარაღის ფასმა შესაძლოა, ორ-სამ მლრდ დოლარს მიაღწიოს, რაც რუსული შეიარაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი იქნება.

"მეორე მხრივ, არის ინდოეთი, მსხვილი კონტრაქტორი რუსული შეიარაღებისა. მესამე, ამ შემთხვევაში, არის ყატარი, რადგან მას სურს, რომ შეიძინოს რუსული შეიარაღების საკმაოდ სოლიდური პაკეტი, დაახლობით, თუ არ ვცდები, ერთი მილიარდი დოლარის პაკეტზეა საუბარი.

"საუბარია სამ ქვეყანაზე - თურქეთი, ინდოეთი და ყატარი. ამ ქვეყნების შეიარაღება უამრავ თანხებთანაა დაკავშირებული. მარტო თურქეთზე მოდის 3.5 მლრდ დოლარი, ყატარი - 4.10 მლრდ დოლარი და ინდოეთი, რომელიც საკმაოდ სერიოზული ტიპის შეიარაღებას აპირებს და შესაძლოა, ამის ფასი 8-9 მლრდ დოლარამდეც კი მივიდეს", - თქვა მაისაიამ.

მისივე განცხადებით, რუსეთმა სწორედ ამ სამი ქვეყნის მეშვეობით მოახერხა შეიარაღების ბაზრის სეგმენტზე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რამაც, შესაძლოა, ამერიკის გლობალურ ბიზნესინტერესებს ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას.

"ეს არის ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენცია და, რა თქმა უნდა, რუსეთში ამას გადაიყვანენ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ჭრილში. რუსეთმა, ფაქტობრივად, გამოიყენა ეს ფაქტი, როგორც ერთგვარ საგარეო-პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანა. რეალურად საქმე ეხება ბაზრის ათვისების მიმართულებას და არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რუსეთი. შესაძლოა, მან გაააქტიუროს ურთიერთობები, რათა ეს ქვეყნები ხელიდან არ გაუშვას და შეინარჩუნოს", - ამბობს ექსპერტი.

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ბაზარზე კონკურენციის ასეთმა დონემ შეიძლება, უფრო მეტად დაძაბოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

"ბუნებრივია, იარაღის ბაზარზე კონკურენციამ შესაძლოა, დაძაბოს ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, რადგან ეს საკმაოდ დაუნდობელი საქმეა და შეიარაღების ათვისების დროს მართლაც რომ ყველანარი ხერხია მიღებული.

"ეს არის ყველაზე საინტერესო ფაქტი, მით უმეტეს, როდესაც ერთი ქვეყანა იჭრება მეორე ქვეყნის ბაზრის სეგმენტის ათვისებაში. ეს ხომ მთლად უარესია", - აღნიშნა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×