გელა ნიკოლეიშვილი თვლის, რომ საგამოძიებო კომისიამ სიახლეები ვერ გამოკვეთა
თამარ შუკვანი
26.07.2018

 "მისი დღევანდელი განცხადება არც ჰმატებდა ვინმეს რამეს და არც აკლდებდა. ის ფაქტი, რომ სუბელიანის შვილი იყო ჩართული საქმეში, ყველასთვის ცნობილი იყო და ფაქტს არც არავინ უარყოფდა.

"სუბელიანი რომ პოლიციაში რამდენიმე საათში მივიდა, ესეც ყველამ იცოდა. ყოფილ პროკურორს ამის შესახებ გაცხადებულიც ჰქონდა, მაგრამ არა - საჯაროდ.

"არ მგონია, რომ ამ ყველაფერს გამოძიება შეეფერხებინა და არც დასამალი იყო, რომ ადამიანთან მივიდა და მან პასუხად პროკურატურაში მისვლისკენ მოუწოდა", - აცხადებს იურისტი გელა ნიკოლეიშვილი.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მასთან პირადად მივიდა და რჩევა ჰკითხა.

ამ თემასა და სხვა, მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე "რეზონანსი" იურისტ გელა ნიკოლეიშვილს გაესაუბრა.

"რეზონანსი": საგამოძიებო კომისიამ რა დასკვნა შეიძლება, დადოს? იქნება თუ არა რამე სიახლე?

გელა ნიკოლეიშვილი: საგამოძიებო კომისიისგან რეალური სიახლეები არ გამოკვეთილა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვიღაცები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ და ასევე, ფაქტი, რომ ვინც ჩვენება მისცა, ისინი ისევ იგივე ჩვენებას იძლევიან, არაფერს გვაძლევს.

სადავო ფაქტი არის მხოლოდ ის, რომ კალანდიასთვის უნდა წაეყენებინათ ბრალი თუ არა, ეს კი შეფასების საგანია, რადგან წმინდა იურიდიული დავაა.

როგორც ჩანს, საგამოძიებო კომისიიდან ერთადერთი, რაც გამოიკვეთება და დასკვანასაც დადებენ, არის ის, რომ კალანდიასთვის უნდა წაეყენებინათ ბრალი, მაგრამ არ წაუყენეს.

ეს იქნება სიახლე და დანარჩენი, რეალურად თუ არ ჩავთვლით აჟიოტაჟსა და პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვერ ვხედავ რამე კონკრეტული სიახლის გამოკვეთას.

ფაქტს, რომ ერთი იჭერდა და მეორე ურტყამდა, მხოლოდ თავად, კალანდია აცხადებს და თუ სასამართლოზე გადათქვამს, მტკიცებულებაც კი აღარ დარჩება.

ჩვენება არის ის, რასაც აძლევს ადამიანი სასამართლოში. ამიტომ ის, თუ ბრალი რატომ არ წაუყენეთო, პასუხად მიიღებენ, რომ ამისთვის საკმარისი საფუძველი და მტკიცებულება არ აქვთ. ეს არის ერთადერთი განსხვავება, რაც სიახლე აღმოჩნდება.

"რ": ამ შემთხვევაში, კალანდიას რა მუხლით შეიძლება, წარედგინოს ბრალი?

გ.ნ: ქმედება ისედაც იყო და ახალი არაფერი გამოკვეთილა. ეს ყველაფერი შეფასების საგანია; პროკურატურა ამბობს, ამ შემთხვევაში, მკვლელობაში თანამონაწილეობაში ბრალი რატომ არ წარუდგინეთო.

მას უნდა ჰქონდეს ქმედება გაცნობიერებული, რომ პირი კლავდა და თავად ამაში ეხმარებოდა. ბრალი მას წაყენებული აქვს ცრუ ჩვენებისთვის და არ მგონია, სხვა რამ გამოიკვეთოს.

შეიძლება, კომისიამ მოითხოვოს, რომ გამოიკვეთოს და წამოყენებული იყოს ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პროკურატურა იღებს. პროკურატურის რეკომენდაცია თუ იქნება, რომ ბრალი არ უნდა წაუყენონ, რა თქმა უნდა, არ წაუყენებენ.

"რ": დამატებით შესაძლოა, ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთოს?

გ.ნ: მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ და მგონია, რომ თავად სარალიძეც ასე ფიქრობს. როგორც გავიგე, ერთადერთი, რასაც ითხოვს, კალანდიას მიმართ ბრალია. შესაძლოა, ნაწილობრივ ბრალი უნდა წარედგინოს, მაგრამ არ იკვეთება ჩვენებებიდან გამომდინარე.

ყველაზე მთავარი აქ ის არის და თავად სარალიძეც აცხადებს, რომ თავისი შვილის მეგობრები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. თუ ისინი არაფერს ამობენ, ვარაუდის დონეზე ბრალს ვერავის წაუყენებენ და სხვა პირის ბრალი ჯერ არ გამოკვეთილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×