ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს პროექტის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" განხორციელებაში
ტატა შოშიაშვილი
26.07.2018

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს იმაში, რომ ქვეყანამ განახორციელოს პროექტი "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკურ ექსპერტ კორნელი კაკაჩიას თქმით, ევროპული სტრუქტურების მიერ გამოჩენილი მსგავსი ინიციატივები, რომლებიც საქართველოს ეხება, მისასალმებელია. თუმცა, მისი თქმით, იმის მოლოდინი, რომ ეს ინიციატივები უახლოეს მომავალში გამოიღებენ შედეგს, ნაადრევია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხება საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და მიდგომას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრები პირებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდისა და გამარტივების, განათლების ყველა საფეხურისადმი ხელმისაწვდომი, ხარისხიან განათლებაზე წვდომის მიმართულებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საზღვარგარეთ.

დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ გამოჩენილი ინიციატივა ძალიან კარგია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამ ინიციატივის შედეგების უახლოეს მომავალში მიღებაზე საუბარი ნაადრევია.

"პრინციპში, მისასალმებელია ევროპული სტრუქტურების მხრიდან ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, რომელთა მიზანიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელთაც ქართული მხარე ახმოვანებს საერთაშორისო არენაზე.

"ბუნებრივია, თუ ამას მოჰყვება წინადადებები და იდეები ევროპელების მხრიდან, რათა წაახალისონ სამშვიდობო მოლაპარაკებები, ჩემი აზრით, დადებითად უნდა შევაფასოთ.

"თუმცა, ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, მიუხედავად მცდელობებისა, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა მაინცდამაინც არ იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ სხვადასხვა გარღვევას ველოდოთ ამ სფეროში. ზოგადად, რუსეთთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, იმის ლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ასეთ ინიციატივებს ექნება რაღაც შედეგი, ალბათ, ნაადრევია.

"ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ფაქტი დღეს და ხვალ მოგვიტანს შედეგებს იმიტომ, რომ ამას სჭირდება გარკვეული დრო და ასეთი ინიციატივები კარგია იმისთვის, რომ შეამზადოს კონფლიქტში ჩართული მხარეები შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ამ კონფლიქტის გადაწყვეტასთან", - განაცხადა კაკაჩიამ.

"რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ სეპარატისტულ "რესპუბლიკებში" მოქმედ ადგილობრივ ხელისუფლებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს იდეებზე, რადგან, გარდა ამისა, ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ევროპიდან წამოსულ წინადადებებს.

"ორივე რეგიონში ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა შეხედულება. აფხაზეთში უფრო მეტად მოდიან ასეთ თანამშრომლობაზე, ვიდრე, ვთქვათ, ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება, რომელსაც აქვს გარკვეული მიდრეკილება იზოლაციისკენ.

"ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხშირად ჭირს ასეთი ინიციატივების განხორციელება იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ევროპული სტრუქტურებიდან და საქართველოდან წასულ ინიციატივებს.

"აფხაზეთზეც ვერ ვიტყვით, რომ ხელგაშლილად ხვდებიან ასეთ წინადადებებს, მაგრამ იქ უფრო მეტი სივრცეა ამ თანამშრომლობისთვის და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საინტერესოდ ჩათვლიან ამ შეთავაზებას და რამდენად იქნება ეს მისაღები იმ პოლიტიკური რეჟიმებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებს მართავენ", - აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რამე დასკვნის გაკეთება ამ ფაქტთან დაკავშირებით ნაადრევია, თუმცა ამ ინიციატივამ უნდა მოამზადოს ნიადაგი შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.

"მთლიანობაში, შესაძლებელია, რომ არ უნდა ველოდოთ დიდ გარღვევებს, მაგრამ ამან უნდა შეამზადოს გარკვეული ფონი შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, სადაც მხარეები ისაუბრებენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის - ნატო-სთან დაკავშირებით, ამ რეგიონების ბედთან დაკავშირებით.

"ყოველ შემთხვევაში, ამან მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რა გამოვა. უნდა დაველოდოთ", - ამბობს კაკაჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×