პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით გადაეცა. მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპი აქვს, თუმცა ეკონომიკური ზრდის სიკეთე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოფაზე არ აისახება.
"ჩემი მხრივ, აღვნიშნავ, რომ სოციალური თვალსაზრისით, ჭარბვალიანობა გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს 500 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. მათ შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგჯერ 75%-იც კი, სესხების მომსახურებაზე მიდის. სისტემისთვის - საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჭარბვალიანობა საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას; მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ არა ვალებით ასეთი მაღალი დატვირთვა, ეკონომიკური ზრდა 0.8%-ით უფრო მაღალი და, რაც მთავარია, გაცილებით ინკლუზიური იქნებოდა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.