პოლიტიკური ელიტა თუ საზოგადოება „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის მოლოდინშია. ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი კანდიდატი უკვე წარადგინეს და ახლა ჯერი მმართველ პარტიაზე მიდგა.
„ოცნება" საპრეზიდენტო კადიდატის წარდგენას არ ჩქარობს და დიდი ალბათობით, მმართველ პარტიას არჩევნებაზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, რომელიც, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი იქნება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა არ უნდა დააყენოს.
მთავრობის მეთაურის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, რომ „ოცნებას" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდეს.
„ქართული ოცნების" ფილოსოფია გახლდათ სწორედ ის, რომ საქართველოში შემდგარიყო ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. „ქართულ ოცნებას" პარლამენტში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამასთან ერთად, ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც „ქართულ ოცნებას" აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ ის, რომ ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, ვისაც შეუძლია უპრობლემოდ, გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე - ეს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, „ქართული ოცნების" ფილოსოფია გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა.
„აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც, გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორივე ამ არგუმენტს აქვს ძალიან სერიოზული წონა. აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს კონსულტაციები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები მიმდინარეობს და როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას ვაცნობებთ", - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ.