მინისტრების გათავისუფლების შემდეგ, ახალი პრემიერი საკადრო წმენდის კიდევ ერთ ტალღას იწყებს. ბახტაძემ 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გადაყენებულები არიან. რომელი გუბერნატორის მიმართ გაუჩნდება გამოძიებას კითხვები და ხომ არ მოხდება მათი სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემა?! ოპოზიციის განცხადებით, ზოგიერთ მათგანზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოკვლევასაც აწარმოებს.
როდის წარადგენენ რეგიონების ახალ ხელმძღვანელებს და ვინ იქნებიან ისინი, ჯერჯერობით უცნობია. თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე მამუკა ბახტაძე არც ერთ გუბერნატორს არ შეხვედრია.
სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას წინააღმდეგ კი, როგორც ცნობილია, გამოძიება სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის მოთხოვნით დაიწყო. „ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ სამეგრელოს გუბერნატორი დანიშვნიდან დღემდე კონტრაბანდას მფარველობს და მისი ხელშეწყობით ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში უაქციზო სიგარეტი გადააქვთ. შესაბამისად, მისი საქმიანობით სუს-ი უნდა დაინტერესებულიყო და ეს სქემა გაეშიფრა. „ნაციონალები" აცხადებენ, რომ შესაძლოა, ზოგიერთი გუბერნატორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ სუს-ი კახეთის გუბერნატორის საქმიანობითაც უნდა დაინტერესდეს და თანამდებობიდან მისი გადაყენებაც მოხდეს. მისი აზრით, კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა ან არ ხორცილდება, ან შუა გზაზეა მიტოვებული. კახეთის გუბერნატორი ბრალდებებს არ აღიარებს.
„ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპულ საქართველოს" წევრები ვარაუდობენ, რომ ყველა საკადრო გადაადგილება ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული და ყველა გუბერნატორის მიმართ, რომელიც გადააყენეს, ივანიშვილს კითხვები აქვს.
როგორც მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რეგიონული განვითარების მართვას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.
„მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, უხელმძღვანელებს რეგიონალური მართვის მიმართულებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული მართვის კომპონენტი. დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა გამოწვევას, ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ. მინდა გაცნობოთ, რომ აუცილებელია, ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან. დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლებიან, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები,"-განაცხადა პრემიერმა.
პოლიტოლოგი გია ნოდია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დიდი გამოცნობა არ სჭირდება პრემიერმა გუბერნატორების გადაყენება ვისი სურვილით გადაწყვიტა. მისი აზრით, ივანიშვილი კვირიკაშვილზე იმდენად გაბრაზებულია, რომ რომელიმე მათგანი არ არის გამორიცხული საბრალდებო სკამზეც ვიხილოთ. ნოდია ასევე, პარტიის შიგნით განსაკუთრებულ წმენდას ელის და ფიქრობს, რომ გუბერნატორების მსგავსად, პარტიის რეგიონალური ლიდერებიც თანამდებობებს დატოვებენ. ნოდია ამბობს, რომ ბევრ გუბერნატორზე რეგიონში საკმაოდ დიდი უკმაყოფილებაა დაგროვილი და სავარაუდოა, რომ მათ წინააღმდეგ უსაფრთხოების სამსახურში კონკრეტული მასალები და ფაქტები ჰქონდეთ.
„ფაქტია, რომ ამ მინისტრების გადაყენება მხოლოდ ერთი მიზეზით არ მომხდარა, რომ ისინი შესაძლოა კვირკაშვლის გუნდს წარმოადგენენ. უფრო მგონია, რომ ამ ხალხის მიმართ კონკრეტული კითხვები არსებობს და არ არის გამორიცხული, რომ სისხლისსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ვხედავთ, რომ მინისტრების წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაწყებულია. წინასაარჩევნოდ არც ხმაურიანი დაკავებები არ არის გამორიცხული. წმენდას პარტიის შიგნითაც არ გამოვრიცხავ. ვნახეთ, რომ ივანიშვილი საკმაოდ გაბრაზებული იყო და არ მგონია, რომ ვინმე დაინდოს. ხალხისთვის განტევების ვაცი სჭირდება და ვინმე კონკრეტულ ადამიანებს აუცილებლად მოძებნის. შეიძლება ეს გუბერნატორებიც იყვნენ",-აცხადებს ნოდია „რეზონანსთან".
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ გუბერნატორების გადაყენება და მინისტრების პროკურატურაში დაბარება წინასაარჩევნო თამაში და ფარსია. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ამით კვირიკაშვილს აშინებს, ხოლო საზოგადოებას აჩვენებს, რომ ის არაფერ შუაშია და ურჩ ჩინოვნიკებს სჯის. დეპუტატი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი საკმაოდ ბევრი ინფორმააციის მატარებელია, ამიტომ ვერც მას და ვერც მის თანაგუნდელებს ვერ დააკავებენ. მისი აზრით, ეს არის ხალხის მოსატყუებლად საჩვენებელი ფარსი, რომლის იქითაც ივანიშვილი ხელის გატოკებასაც ვერ გაბედავს.
„გადაყენებული 5 გუბერნატორიდან რომელიმეს სახელი და გვარი რომ ჰკითხოთ თუნდაც იმ რეგინოის მაცხოვრებლებს, გგონიათ, რომ გიპასუხებენ? ვერცერთს ვერ დაგისახელებენ, იმიტომ, რომ იმდენად უმნიშვნელო და არაფრის გამკეთებელი ხალხი იყო, მათზე არავინ არაფერი იცის. ერთი თუ რომელიმე ძალიან შეტოპავდა და ბევრს მოიპარავდა მაშინ ვიგებდით მის სახელსა და გვარს. ვერც კვირიკაშვილს დაიჭერენ და ვერც დანარჩენ მინისტრებს. ეს არის წინასაარჩევნოდ დადგმული ფარსი, რომ ივანიშვილმა ხალხთან თავი რაღაცით იმართლოს. ის იმდენად ბევრი ინფორმაციის მატარებელია, რომ მას ხელს ვერავინ წაავლებს. ვაი და კვირიკაშვილმა თქვას, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ივანიშვილთან შეათანხმა? და კიდევ ბევრი გახმაურებული საქმეები, რომელზეც მარტო გადაწყვეტილებებს არ იღებდა. ამიტომაც, ამათ ამ მილიონების შეჭმა, როგორც ხახვი ისე შერჩებათ",-აცხადებს გოცირიძე „რეზონანსთან".