ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით სვანეთში სოფლებში ხაიშსა და ჭუბერში 1000-ზე მეტი პოლიციელია შეყვანილი. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და მოსახლეობა სოფლებში შესულ სპეცრაზმელებს გადაადგილების და დაყადაღებული ხე-ტყის მასალის გატანის საშუალებას არ აძლევს. ადგილობრივები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ სამართალდამცველების აღნიშნულ ქმედებას რეალურად სხვა ინტერესი აქვს და ეს არის ჰესების მშენებლობა. ისინი სიტუაციაში ჩარევისკენ სასწრაფოდ ხელისუფლებას და სახალხო დამცველს მოუწოდებენ. მათი თქმით, დაუშვებელია, რომ ადგილობრივებს მუქარის და ხელკეტების ენით ესაუბრებოდნენ.
სვანეთში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. პაციენტები სოფელ ჯვარის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.
სამხარეო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ დიასამიძე სვანეთში მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავს და შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს. როგორც დიასამიძემ ადგილობრივებს უთხრა, სამართალდამცველები ჭუბერსა და ხაიშში უკანონო სახერხების გამოსავლენად და უკანონო ხე-ტყის ამოსაღებად შევიდნენ.
სოფელ ხაიშის სკოლის მასწავლებელი ზურაბ ნიჟარაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სვანეთში დაუშვებელია სიტუაცია დენთის კასრივით გასკდეს. მისი თქმით, ხელისუფლებამ პრობლემის პროვოცირება არ უნდა მოახდინოს და მოსახლეობასთან კონფლიქტში არ უნდა შევიდეს. მასწავლებელი აცხადებს, რომ დილით ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს, რომლებმაც ადგილობრივების სახლების ჩხრეკა დაიწყეს. ამ დროს მოხდა ინციდენტები პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის. პოლიციელების ამ მოქმედებამ მოსახლეობაში აგრესია და პროტესტი გამოიწვია. მასწავლებელი ამბობს, რომ დაუშვებელია სოფლის მოსახლეობასთან მსგავსი ენით საუბარი.
მასწავლებელი ამბობს, რომ სვანეთის მოსახლეობას ხე-ტყის ჭრის მეტი სხვა შემოსავალი არა აქვს, ამიტო ამ პრობლემის მოგვარებას ასეთი მეთოდით დაპირისპირება უკუშედეგამდე მიიყვანს.
"ხელისუფლებამ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს და ადგილობრივებთან დიალოგი უნდა დაიწყოს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ გაიყვანონ სპეცრაზმი, რადგანაც არ მოხდეს სიტუაციის კიდევ უფრო გართულება. ხალხს ხელში ჯოხები პოლიციამ ააღებინა, რადგანაც ადგილობრივს პოლიციელი იარაღით დაემუქრა. დავსხდეთ და წყნარად დავილაპარაკოთ, ასე მოვარდნა და მუქარა არავის შერჩენია. აქ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ბექა ენუქიძესთან ერთად დავსხდებით და მოვილაპარაკოთ ვის რა გვინდა და რა ხდება.
"ხეობაში ხე-ტყის მოჭრა ადგილობრივების არსებობის საშუალებაა. სხვა გზა არ აქვს ხალხს. შიმშილით ვიხოცებით. მოგვცეს დასაქმების სხვა ალტერნატივა? რა ქნან ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ბიჭებმა? დავტოვოთ ხეობა? ვინ აძლევს პრემიერს ასეთ არასწორ დარიგებებს? რატომ ხდება ჩვენთან სპეცრაზმელების ენით საუბარი? პოლიციამდე ხომ ხელისუფლება გვყავს? შემოგვთავაზონ სხვა ალტერნატივა და კი, ბატონო", - აცხადებს „რეზონანსთან" სოფლის მასწავლებელი.