(რეზონანსი) ბოლო პერიოდში, გაიზარდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ელგანდაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. რის გამოც, ხსენებულ სოფლებში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია - მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
„აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ, გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
„ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ამასთან, ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე - ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია", - განაცხადა გიორგი ელგანდაშვილმა.