თამარ შუკვანი
26.07.2018

 ხორციელებდებოდა თუ არა სვანეთში ტყის უკანონო ჭრა და ბუნებას რა ზიანს აყენებს ეს, ამაზე „რეზონანსი" „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის" პროექტის კოორდინატორს, რეზო გეთიაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაცია სოფელ ჭუბერში ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც ცნობილი ფაქტი იყო. ამასთანავე, მისივე თქმით, „არის ლოგიკა" ადგილობრივების განცხადებაში, რომ მათთვის მხოლოდ ხე-ტყის ჭრა არის საარსებო წყარო.

მისი განცხადებით, ჭუბერის მოსახლეობამ უნდა გაიაზროს ის საფრთხე, რომელიც ამ ჭრას შედეგად მოჰყვება, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ ყველაფერზე დგას დიდი ბიზნესი, სადაც მოსახლეობა მხოლოდ მუშა-ხელის როლს ასრულებს.

„ვფიქრობ, რომ მოსახელობის პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც ის, რომ იგი არის ორგანიზებული, საკამოდ მასშტაბური წარმოება. მოსახლეობა უფრო არის მუშა-ხელი და მათზე დგას ბიზნესი, რომელიც ამ წარმოებას ახორციელებს.

„როდესაც არსებობს რესურსი და ვითარდება ბიზნესი, ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის შესაბამისობაში. კანონის შესაბამისობის შემოწმება საზოგადოების მხრიდან არ უნდა იყოს უარყოფითად აღქმული," - განაცხადა მან.

გეთიაშვილმა განაცხადა, რომ კანონიერი ხე-ტყის შემოწმება არა მხოლოდ სვანეთში, არამედ ქვეყნის მასშტაბის მიმდინარეობს.

„იმ ფართობზე, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული, მიდგომა, რომ აქ არა სისხლის სამართლის არამედ ადმინისტრაციული დარღვევების დაფიქსირება იყო და მხოლოდ უკანონო ხე-ტყის გამო მიმდინარეობდა საუბარი, სწორია.

„ხე-ტყის ჭრის კანონიერების შემოწმება მიმდინარეობს არა მხოლოდ სვანეთში, არამედ მთელ საქართველოში. არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ მხოლოდ ერთ სოფელში მიმდინარეობს პროცესი," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ხე-ტყის ჭრას მასიური სახე 2017 წლამდე ჰქონდა მიღებული, რადგან არ მიმდინარეობდა მკაცრი შემოწმება. 2017 წლიდან კანონი გამკაცრდა, მაგრამ ხე-ტყის ჭრა მაინც გრძელდებოდა.

„ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ტერიტორიებიდან გამოდიოდა დიდი რაოდენობის ხე-ტყე, განსაკუთრებით ეს ხდებოდა 2017 წლამდე, როდესაც ხე-ტყის გადაადგილება იყო გაცილებით მარტივი, რადგან არ სჭირდებოდათ დოკუმენტი. ამან კი ბიძგი მისცა დიდი რაოდენობით ხე-ტყის წარმოებას.

„2017 წლიდან ეს საკანონმდებლო ბაზა შეივსო, თუმცა ინერციით ისევ გრძელდებოდა ხე-ტყის ჭრა. იმ ვიდეომასალაში, რომელიც გავრცელდა მოსახლეობის მიერ, ნათლად ჩანდა, რომ ხე-ტის ძალიან დიდი რაოდენობის ჭრა მიმდინარეობდა," - განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×