მარი ჩიტაია
27.07.2018

 ხე-ტყის უთავბოლოდ ჭრა და ქვეყნიდან მისი გატანა უკვე არ იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის ასეთი ინიციატივა კიდევ ერთხელ მოდის წინააღმდეგობაში სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან, რისი იგნორირებაც მთავრობას მოუწევს ისევე, როგორც ამას წლების წინ აკეთებდა. "რეზონანსი" დაინტერესდა, მამუკა ბახტაძის განცხადება რამდენად შესაბამისობაშია ასოცირების ხელშეკრულების პირობებთან და რა ვალდებულებს გვიყენებს ევროპა ხე-ტყის ექსპორტთან დაკავშირებით?

როგორც აღმოჩნდა, სპეციალისტების დიდი ნაწილისთვის უცნობია ევროკავშირის რეკომენდაციები სატყეო რესურსთან დაკავშირებით.

"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულება არსებული რესურსის განვითარება და ხე-ტყესთან მიმართებაში სწორი პოლიტიკის წარმართვაა.

ასეთ პოლიტიკად პრემიერ-მინისტრს სწორედ ექსპორტის აკრძალვა ესახება. მნიშვნელოვანია მისი ინიციატივა იმპორტისთვის დღგ-ის მოხსნასთან დაკავშირებით, რაც ბიზნესს მნიშვნელოვნად წაახალისებს.

"ხე-ტყის იმპორტი დღგ-ისგან გათავისუფლდება", - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია და ასევე გარკვეული შეღავათები დაწესდება მორისა და ფიცრის ექსპორტზე.

"შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ხეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ თუ იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ვინმეს ხელს აფარებს ამ საქციელისთვის, ყველა დაისჯება", - განაცხადა ბახტაძემ.

ამ თვასაზრისით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აშკარად კარგი ინიციატივაა, რაც ბუნებას გადაარჩენს, ხოლო რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოსული მასალა იქნება იაფი. ახლა მთავარია, სისრულეში მოვიდეს ინიციატივა.

რაც შეეხება ექსპორტის აკრძალვის საკითხს, გოგოლაშვილი ამბობს, რომ სასურველია, მკაცრი შეზღუდვა დაწესდეს, რათა საბოლოოდ ადგილობრივი წარმოება წახალისდეს.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის ყავლგადასულ რეკომენდაციას, გოგოლაშვილი ამბობს, რომ მთავარი ამ ეტაპზე ეკოლოგიაზე ზრუნვა და ხე-ტყის გადარჩენაა, ხოლო აკრძალვის ნაწილში მას განსხვავებული მოსაზრება აქვს და თვლის, რომ უმჯობესი იქნება, თუ ხე-ტყის ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვა დაწესდება.

"ეს არის ქვეყნის შიდა საქმე და აქ რამე ბარიერის დაწესებას ანგარიშს ვერ გავუწევთ. როცა გარემოს დაცვა და ხე-ტყის გადარჩენაა პრიორიტეტი, პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ხე-ტყის განახლებაზე გახდეს ორიენტირებული. ასოცირების ხელშეკრულება გვეუბნება, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ხე-ტყესთან მიმართებაში ისეთი პოლიტიკა, რომ ამ რესურსების მდგრადი განვითარება მოხდეს, მაგრამ ახლა უკვე სახელმწიფოს საქმეა, შეზღუდავს თუ აკრძალავს ექსპორტს.

შესაძლებელია ნედლი ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვა, რომ ჩვენ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება. სავალუტო ფონდის რეკომენდაცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო, რადგან სხვა ინტერესები ჰქონდათ. ის ითხოვდა მორატორიუმის მოხსნას ქვეყნის შემოსავლების გათვალისწინებით იმისდა მიხედვით, რა მდგომარეობაშიც იყო ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბალანსი. ისინი უყურებდნენ, რომ ვითარება ამ მხრივ იყო ცუდი, ხოლო სავალუტო ფონდი გვაძლევდა დიდ ტრანშს და ამ თანხის გასტუმრებაზე თვითონ ზრუნავდა, ცდილობდა, რომ საამისოდ საკუთარი რესურსი გაგვეჩინა, რითაც საგარეო ვალს გადავიხდიდით. დღეს სხვა რეალობაა და ამ პროცესებში აბსოლუტური თავისუფლება გვაქვს", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საგულისხმოა, რომ სავალუტო ფონდი წლების განმავლობაში მოითხოვდა ჯართისა და ხე-ტყის ექსპორტზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულად არ თმობდა პოზიციას "მრეწველები" და თავის დროზე ამ პარტიის დიდი დამსახურებაა, რომ ფონდის ამ რეკომენდაციის შესრულებას, მართლაც, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა.

"მრეწველების" წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ დღეს შექმნილ ვითარებაში ხე-ტყის იმპორტის აკრძალვა გარემოს გადასარჩენად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

"უკანონოდ ხე-ტყის ჭრა და მორებად მისი გაყიდვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ცუდია. თანაც, იჭრება ისეთ ადგილებში, სადაც ჭრა დაუშვებლად მიგვაჩნია. გაჩეხილი ხე-ტყე მთელ ეკოლოგიურ კატაკლიზმებს იწვევს, ამის მომსწრე ჩვენ ბევრჯერ გავხდით. 90-იანი წლების ბოლოს, თუ გახსოვთ, გაჩეხილი იყო მთელი ბორჯომის ხეობა და მაღალმთიანი რეგიონი. მორატორიუმის დროს ისევ წამოვიდა ხე-ტყე, მერე მოდუნდა ამაზე ყურადრება.

ცხადია, არ უნდა ხდებოდეს მორებად ხის გატანა, უნდა გადავამუშაოთ და ამით გაცილებით მეტი სარგებელი მივიღოთ. თანაც, მასალა გარედან შემოვა და ამ მხრივ იმპორტი წახალისდება, რაც უდავოდ კარგი ინიციატივაა. ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის წინააღმდეგობას არ ველოდები, გადავხედოთ მსოფლიოს, რა ხდება! აგერ, აშშ აწესებს ჩინურ პროდუქციაზე აკრძალვას და ვერავინ მიდის მის წინააღმდეგ. ჩვენ თუ დავამტკიცებთ ამ აკრძალვის აუცილებლობას, არავინ არ იქნება წინააღმდეგი და შეიძლება, საერთაშორისო მხარდაჭერაც მივიღოთ", - ამბობს ტყემალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×