პატიმრობაში მყოფი მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გათავისუფლებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ციხეში ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით ჩასვეს. აბაზოვის თქმით, კვირიკაშვილმა მასზე შური, ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირების გამო იძია.
ყოფილი მერი სასამართლო დარბაზში გიორგი კვირიკაშვილს გვარით არ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ პროკურატურას მისი დაკავების დავალებას ქვეყნის მაშინდელი პირველი პირი აძლევდა, იმ დროს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თხოვნა არ გაითვალისწინა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურის მტკიცებით, აბაზოვმა შურისძიების მოტივით ელჩინ ალახვერდიევს, შარდით სახის დაბანა აიძულა, ეს პროცესი კამერით გადააღებინა და ვიდეო სოციალურ ქსელში აატვირთინა.
დაკავებამდე მერსა და დეპუტატ თამაზ ნავერიანს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მარნეულში ბევრს საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, დეპუტატსა და მერს შორის ჩხუბიც მოხდა. ნავერიანმა აბაზოვს თავში საფერფლე ესროლა, გაბრაზებულმა მერმა კი პარლამენტის წევრს თავში ბოთლი ჩაარტყა.