ია აბულაშვილი
27.07.2018

 "ვფიქრობ, ამით მეტად მნიშვნელოვან პროცესს დაედება საფუძველი. აქედან უკვე შორს არ არის ნორმალურ ვითარებამდე, როდესაც ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მოსასპობად კი არ იღწვიან, არამედ დიალოგისა და თანამშრომლობის გზებს ეძებენ, ხოლო ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მორიგი რევოლუციური ცვლილებებისთვის იღწვიან, უბრალოდ, მარგინალიზდებიან", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, ვისაც "რეზონანსი" ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.

"რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში არ გამორიცხა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის შესაძლებლობა. თქვენი აზრით, რა შეიძლება მოგვიტანოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის გამოჩენამ?

ზაზა ფირალიშვილი: ესაა ისტორიული შანსი, ვხედავთ, რომ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, საზოგადოებაში თანდათან მატულობს "ოცნების" "მობეზრების" ხარისხი და ძალაუფლების მნიშვნელოვანი სეგმენტის დათმობა მნიშვნელოვნად განმუხტავს სიტუაციას და გაანელებს იმ დაძაბულობას, რომელიც ამ პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

კიდევ ერთ მომენტს მივაპყრობდი თქვენს ყურადღებას: ეს იქნება დიდი ნიმუში იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა პრიმიტიული ინერციით თავისი ძალაუფლების უსასრულო გაფართოებაზე კი არ იზრუნებს, არამედ იმაზე, რომ მისი ძალაუფლება პოლიტიკურად ოპტიმალური იყოს. ამისათვის ქვეყნის ცხოვრებაში სხვა პოლიტიკურ ძალებსაც უნდა მიეცეთ როლი.

უკვე ათწლეულებია, ვუცქერთ ბარბაროსულ სიტუაციას, როდესაც სპორტული ფედერაციების თავმჯდომარეების არჩევაც კი პოლიტიკურ ელფერს იძენს, ამიტომაც ვართ ხოლმე მუდმივად ავტორიტარიზმის ზღვარზე. ყოველი მორიგი ხელისუფლება მთელ თავის რესურსს ძალაუფლების განმტკიცებას ახმარს და სწორედ მაშინ, როდესაც მას თითქოს აღარაფერი უმუქრება, რესურსები იწურება და სიტუაცია ჩიხში შედის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა, გარდა ზოგადი მოსაზრებებისა, ამგვარი ჩიხის საფრთხეც იგრძნო, მან დაინახა, რომ "ოცნებას" არ აქვს ამ ჩიხის გადალახვის რესურსი.

"რ": თქვენ რას ელით ამ გადაწყვეტილებით, რა შეიცვლება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში?

ზ.ფ: ვფიქრობ, ამით მეტად მნიშვნელოვან პროცესებს დაედება საფუძველი. აქედან უკვე შორს არ არის ნორმალურ ვითარებამდე, როდესაც ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მოსასპობად კი არ იღწვიან, არამედ დიალოგისა და თანამშრომლობის გზებს ეძებენ, ხოლო ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მორიგი რევოლუციური ცვლილებებისთვის იღწვიან, უბრალოდ, მარგინალიზდებიან. ამ იმპულსმა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას შეიძლება, "გლადიატორთა ბრძოლის" ფაზისა და მუდმივი რევოლუციური მოლოდინის დაძლევის შესაძლებლობა მისცეს.

"რ": თუ ეს მოხდა, ვინ შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატად შეირჩეს?

ზ.ფ: ძნელი სათქმელია. დამოუკიდებლობის ნიშნით კანდიდატის შერჩევა დღევანდელ საქართველოში საკმაოდ რთულია. ჯერ კიდევ ძლიერია ინერცია, როდესაც ნებისმიერი თანამშრომლობა ფარულ მოკავშირეობად აღიქმება. მოქმედი პრეზიდენტისა და ივანიშვილის დაპირისპირება ისეთ ფაზაშია შესული, რომ მისი გადალახვა ძნელი წარმოსადგენია. ასეთი ხისტი დაპირისპირების შემდეგ ყველაზე დემოკარტიულ ქვეყანაშიც კი უჭირთ თანამშრომლობა. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის თანამშრომლობა "ოცნებასთან" ვფიქრობ, გასცდა იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც უკვე ძნელია, იგი დამოუკიდებელ კანდიდატად იქნას აღქმული.

საკმაოდ ადეკვატური ჩანს დავით უსუფაშილის კანდიდატურა. დასავლეთში მას დადებითი ცნობადობა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს მისი მშვიდი და გაწონასწორებული პოლიტიკური ქცევა იმედს აჩენს, რომ ქვეყნის უზენაესი პოლიტიკური არბიტრის როლს ურიგოდ არ შეასრულებს. ამასთან, დღეს მას ჯერ კიდევ ცუდ სამსახურს უწევს თავისი რესპულიკური წარსული. "რესპულიკელების" ელიტიზმმა და ლიბერალურმა რადიკალიზმმა ამ პარტიის რამდენიმე ისეთი წევრი დააზარალა, ვისი ყოფნაც ქართულ პოლიტიკაში სასურველი იქნებოდა. მოკლედ, ყველაფერი ეს მხოლოდ ვარაუდია. ფაქტი ის არის, რომ უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილს ძალზე რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×