"იდეა, რომ "ოცნება" არ დაასახელებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, უფრო პიარია და არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ივანიშვილის ინიციატივას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
რამდენად რეალიზებადია ბიძინა ივანიშვილის გზავნილები და რა მნიშვნელოვანი პროცესები შეიძლება მოხდეს ქართულ პოლიტიკაში, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს გაესაუბრა.
"რეზონანსი": ივანივშილის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკვშირებით, რომ "ოცნება" თავის კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, თქვენმა კოლეგებმა ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისად შეაფასეს. იზიარებთ მათ მოსაზრებას?
ვ.ძ: ამ საყოველთაო აღფრთოვანებას იმ იდეაზე, რომ არ დაასახელებს თავის კანდიდატს და მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ვერ გავიზიარებ. ჩემი აზრით, ეს უფრო პიარია და არანიარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. ახალი კონსტიტუციით, იმაზე მეტად იკვეცება პრეზიდენტის უფლებები, ვიდრე იყო. ახალი რედაქციით, მე მგონი, პრეზიდენტს შეწყალების უფლებაც აღარ აქვს. ასე რომ, მათი მხრიდან კანდიდატის დაყენებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ დააყენებენ, არც არაფერს წააგებენ. ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ "ოცნება" ამ არჩევნებში არ ჩაერევა და მხარს არ დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს.
"რ": ივანიშვილმა ისიც თქვა, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუციაო. ანუ, ამ არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტად რჩებიან "ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო"? თქვენი აზრით, ეს იქნება ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა?
ვ.ძ: ჯერჯერობით ასე არ ჩანს, რადგან პროცესი გრძელდება. ერთადერთი პოზიტივი ამ არჩევნებისა იქნება, თუ მართლაც არ ჩაერევა "ოცნება" და პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდება მესამე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება საკმაოდ დიდი შანსი, იყოს როგორც ოპოზიციის, ისე "ოცნების" ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. ვფიქრობ, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი აუცილებლად უნდა გაჩნდეს ქვეყანაში. შეიძლება, ეს უსუფაშვილი-მარგველაშვილის ალიანსიც იყოს, თუ ისინი შეთანხმდებიან.
"რ": ივანიშვილმა, თუ არ ვცდები, აქცენტი პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ძალუფლების გადანაწილებაზეც გააკეთა...
ვ.ძ: თუ მას მართლაც უნდა რეალური დემოკრატია, ამისთვის საჭიროა, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ბარიერის დაწევა, პარტიათა დაფინანსების სისტემა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და მივიღებთ მარავალპარტიულ სისტეტმას.
"რ": პარტიის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" შიგნით არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, პარტიას გადახალისება სჭიდება, პარტიაში ახალგაზრდა თაობა უნდა მოვიდესო. ფიქრობთ, რომ "ოცნებამ" თავისი პარტიული რესურსი ამოწურა?
ვ.ძ: მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ჯერჯერობით, როგორც ივანიშვილი რჩება რეიტინგულ პოლიტიკურ ფიგურად, ისე "ოცნება" რჩება რეიტინგულ ძალად დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში; მაგრამ მას რომ გადახალისება სჭირდება, ეს ფაქტია. პარტიის გადახალისებასთან დაკავშირებული განცხადებები მხოლოდ ივანიშვილის მოსაზრება არ არის, ამის აუცილებლობა დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ამგვარად პარტიის შენარჩუნება მოიტანს იმას, რომ მომავალ არჩევნებში კვლავ გამარჯვებს "ოცნება" და კვლავ მოსუფთავებული დარჩება პოლიტიური ველი. ამიტომ "ოცნება" უნდა გახდეს ერთ-ერთი და არა ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში.
ახალგაზრდებზე სწორებაც მისაღებია, რადგან პოლიტიკური მოთამაშეების თაობის ცვლილების დრო მოვიდა. მე სააკაშვილივით არ ვამბობ "ჩარეცხილებიო". სწორედ ძველ თაობასთან ერთად უნდა მოახდინონ ახალგაზრდებმა პოლიტიკური მემკვიდრეობის გადახალისება, ისე რომ, წყვეტა არ მოხდეს. ეს იქნება ბუნებრივი პროცესი. როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს სჭირდება ახალი სისხლი და ახალი ხედვა, დღეს პოლიტიკრ სცენაზე ამის საშინელი დეფიციტია. რაც შეეხება "ოცნების" ლიდერის სამომავალო გეგმებს, ყველაზე კარგი იქნება, ივანიშვილმა მთავრობა კი არ გააკონტროლოს, პარტიაში განამტკიცოს შიდა დემოკრატია, რადგან შიდა პარტიული დემოკრატია არც ერთ პარტიაში არ არის.