რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს, ალეკო ელისაშვილია. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, აქტიურად ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მისივე თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, „ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა.

"ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი და ასევე ღიად და საჯაროდ ვამბობდი, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, მას მხარს ღიად დავუჭერდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გაუგებარი იყო ჩემთვის მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დაესახელებინა „ოცნების" კანდიდატი. ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერის ხასიათი ძალიან წამიხდა.

„ამიტომ ახლა ბევრს ვფიქრობ, ბევრი ადამიანი მხვდება და მელაპარაკება, ხომ არ ვიფიქრებდი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია - კონსტიტუციის მიხედვით ბოლო არჩევნებია, როცა ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ ძალიან გაუგებარი წესით აირჩევენ. სულ ველოდები ბოლო წამამდე, რომ გამოჩნდება ისეთი კანდიდატი, ვინც იქნება მებრძოლი, პრინციპული, თანმიმდევრული, თუმცა ასეთს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ბევრი მიჩიჩინებს, რომ ვიფიქრო საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×