(რეზონანსი) პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ დავით ჭიჭინაძეს სურვილი აქვს, რომ „ქართულ ოცნებაში" დაბრუნდეს, მას უნდა ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
„პოლიტსაბჭოს ხუთმა წევრმა გარიცხვის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა და მიიჩნია, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვისთვის საკმარისი არგუმენტაცია არსებობს. ეს ყველაფერი არასასიამოვნო ფაქტი იყო, თუმცა პოლიტსაბჭო სწორედ იმის საშუალებაა, რომ ეს საქმე გაირკვეს, საკითხის ირგვლივ გარემოებები დაზუსტდეს და პასუხები მოვისმინოთ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთაგან, ასევე ჭიჭინაძისგან. თუ დავით ჭიჭინაძეს სურვილი აქვს, რომ პარტიაში დაბრუნდეს, პარტიის წევრს შანსი მაქსიმალურად უნდა მივცეთ, რომ ეს გააკეთოს. ზოგ შემთხვევაში, დავით ჭიჭინაძის მოსაზრებები შეიძლება ჩემსას ემთხვეოდა, მაგრამ მისი გამოთქმის ფორმას ზოგჯერ ვერ ვეთანხმებოდი", - აღნიშნავს ზოიძე „პირველ არხთან".
ზოიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დავით ჭიჭინაძის წასვლას მხარს არ დაუჭერს.
„რასაც დღეს ამბობს, ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან მის გარიცხვას მხარს არ დავუჭერ. უმრავლესობიდან თითოეული ადამიანის გარიცხვა გვაზარალებს", - დასძენს აკაკი ზოიძე.
„ქართულმა ოცნებამ" დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.