მარი ჩიტაია
28.07.2018

 რეგიონებში საგრძნობლად იკლო იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც დღიურ შრომას ეწევიან. ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ხალხი ამბობს, რომ ხან მოუსავლიანობის გამო მათ სამუშაოებზე ნაკლებად იწვევენ, ზოგ შემთხვევაში კი ანაზღაურება არ აწყობთ. დაქირავებულთა ნაწილი, რომლებსაც მუდმივად აქვთ სამუშაო, შემოსავლით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ, დაუღალავი შრომის მიუხედავად, დამქირავებლები ცოტას უხდიან.

მუშახელის მინიმალური ანაზღაურება 15 ლარია, მაქსიმალური კი - 50 ლარი. სეზონური მუშები ამბობენ, რომ დღიური ქირა მათ ყოფით პრობლემებს ბოლომდე ვერ აგვარებს.

მიხეილ დარბაიძე დაქირავებული მუშახელია, ვინც ყოველწლიურად სხვადასხვა რეგიონში სამუშაოდ დადის. ამბობს, რომ აღებული გასამრჯელო ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად არ ყოფნის.

"შარშან მეტი სამუშაო გვქონდა. ახლა შეიცვალა სიტუაცია, განსაკუთრებით - სამეგრელოში, სადაც ყველაზე მეტ ფულს ვშოულობდი. სენაკში ნაცნობი ოჯახი მეგულება და იქ ყოველწლიურად ჩავდივარ. სამეგრელოში ძირითადი საქმიანობა თხილსა და სიმინდს უკავშირდება. ცოტაც ციტრუსი და დაფნაა, ამიტომ დღიური მუშახელისთვის სამეგრელოში ჩასვლა ყოველთვის მომგებიანია. წელს თხილის შესაგროვებლად ვაპირებ წასვლას, დღეში 25 ლარად ვიმუშავებ, თუმცა, ნაცნობი ოჯახი რომ არა, სამუშაოს შოვნა გამიჭირდებოდა.

მავნებლებთან დაკავშირებით ხალხს პრობლემა აქვს და ოჯახებს ძველებურად აღარ უღირთ მუშების დაქირავება. თხილის ფასი დაბალია, ჩვენ რაღა უნდა გადაგვიხადონ?! იმერეთიდან ჩავდივარ სამეგრელოში თხილის სეზონზე, ყველა ბანკის ვალით ვცხოვრობთ, რომელსაც გასტუმრება სჭირდება. სწორედ ამიტომ ვიტვირთავთ თავს და, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, უარს არ ვამბობთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მიხეილ დარბაიძემ.

რეგიონში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გლეხებს მუშაობა შედარებით მსხვილ ფერმერებთან უწევთ, ხოლო ოჯახში წვრილ საქმეებზე მუშის დაქირავება ძალიან უჭირთ.

"ყველა სარფიანი საქმის შოვნას ცდილობს. ფერმერებთან მუშაობს ხალხი და ოჯახებში წვრილ საქმეებზე დამხმარის პოვნა გვიჭირს. წელს ყანა ვერ გავთოხნე ნორმალურად, რადგან მუშა ვერ მოიძებნა. 10-15 ლარად ვერავინ დაგეხმარება, ურჩევნიათ, ფერმერებთან იმუშაონ სეზონზე, ვიდრე ერთი ან ორი დღის სამუშაოს დათანხმდნენ. სახლში ბავშვები არიან, ოჯახის უფროსი გარდაგვეცვალა და დამოუკიდებლად საქმეების გაძღოლა წარმოუდგენლად გამიჭირდა", - ამბობს ლელა დავითულიანი, ნატახტარის მკვიდრი.

თელაველი მზია ქერდიყოშვილი სეზონზე ატმის ბაღებში მუშობით ირჩენს თავს. მისი დღიური გასამრჯელო 12 ლარია.

"სხვა შემოსავალი არ მაქვს და თავს სეზონური სამუშაოებით ვირჩენ. ფასი ისეთივეა, რაც შარშან იყო. ამ მხრივ სხვაობა არ არის. თუმცა, 4-5 წლის წინ ამავე სამუშაოში 8-9 ლარს მიხდიდნენ. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იმდენი უმუშევარია, რომ ხალხი მზადაა, მინიმალური გასამრჯელოს დასჯერდეს", - ამბობს თელავის მკვიდრი.

იმერეთში, ტყიბულის რაიონში მცხოვრები ქეთო მასხორაძე ამბობს, რომ მუშახელს სეზონზე 20-25 ლარად ქირაობს.

"სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ვცხოვრობთ. შვილები თბილისში არიან და მუშახელის საფასურს ხან ისინი გვიგზავნიან, ხანაც შემოსავლიდან ვაძლევთ. ზოგ შემთხვევაში, ფულის ნაცვლად, მოსავალი მიაქვთ, რამდენსაც გამოიმუშავებენ. ადრე ყანაში დამოუკიდებლად ვმუშაობდით, მაგრამ ახლა დამხმარის გარეშე არ შეგვიძლია. ბევრი ადამიანისთვის სხვის ოჯახში მუშაობა შემოსავლის წყაროა, თუმცა ეს არ არის ოჯახის სარჩენად საკმარისი ფული. რაიონში ბევრი უმუშევარია და ამ გზით ფულის შოვნას ყველა ვერ ახერხებს. მოთხოვნაც, სიმართლე გითხრათ, არც ისე დიდია. ისედაც ჭირს და ხალხი ფულის დაზოგვას ცდილობს, დამხმარეს უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ", - ამბობს ტყიბულელი დიასახლისი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×