მარი ჩიტაია
28.07.2018

 სილამაზის სალონებზე კონტროლის დაწესებამ არსებული ვითარება ვერ შეცვალა. მომხმარებელთა უფლებადამცველების ინფორმაციით, რეალურად ყოველ მეორე საპარიკმახეროში სტანდარტთან შეუსაბამობაა, თუმცა ოფიციალურად ცოტა ფაქტია გამოვლენილი. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დარღვევების გამო ერთი წლის განმავლობაში 14 სალონი დაჯარიმდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2 შემთხვევით აღემატება. წელს ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო 4 სალონი დაჯარიმდა, 10 შემთხვევაში კი რეგისტრაციის არქონას ჰქონდა ადგილი.

აღნიშნულის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა ციცო დილებაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შემოწმების მიზნით თვეში 45-დან 50-მდე მოულოდნელი ვიზიტი ხორციელდება, თბილისის მასშტაბით კი დაახლოებით 1500-მდე სალონია დარეგისტრირებული.

ცნობილია, რომ, ოფიციალური სტრუქტურის კონტროლის პარალელურად, სილამაზის სალონებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამოწმებდნენ. ერთ-ერთი ასეთია კომპანია "ეტიკი", სადაც აცხადებენ, რომ საპარიკმახეროებში არსებული ვითარების შესახებ მათ რადიკალურად განსხვავებული შედეგი მიიღეს.

"ეტიკის" თავმჯდომარე ამირან შენგელია ამბობს, რომ დღესდღეობით ყოველი მეორე სალონი ჰიგიენური ნორმების დარღვევითა და სტანდარტთან შეუსაბამოდ მუშაობს.

"გაცილებით მისაღები იქნებოდა, 14 ფაქტი ერთ თვეში გამოვლენილიყო. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, მაგრამ მიდგომა უფრო მკაცრი უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი მოიცავს უამრავ პროცედურას, განსხვავებით სურსათის უვნებლობისგან, როცა ერთხელ აფრთხილებენ და უკვე მეორედ აჯარიმებენ. ფაქტობრივად, ძნელად ნახავთ სილამაზის სალონს, რომელსაც დარღვევა არ აქვს. დღეს ყოველ მეორე საპარიკმახეროში სტანდარტი დარღვეულია. წესით, ამ დროს მომხმარებელმა პროტესტის ნიშნად უნდა დატოვოს სალონი. ჩვენი კვლევის პროცესში ბევრჯერ შევსწრებივართ ფაქტს, რომ თავის დასაბან ნიჟარაში ყავის ჭიქები ირეცხებოდა. თბილისში 1500-მდე სილამაზის სალონია, მაგრამ ბევრია დაურეგისტრირებელიც, სადაც სტანდარტზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში გამოწერილი ჯარიმის რაოდენობა არაადეკვატურია, სხვა საკითხია, რომ ჯარიმის მოცულობაც მიზერულია, რის გამოც სალონების მფლობელები ამ საკითხს ძალიან ზერელედ უდგებიან, საბოლოოდ კი მომხმარებელი ზარალდება", - ამბობს შენგელია.

საპარიკმახეროებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე, რომლის თქმითაც, სილამაზის ზოგიერთ სალონში მოხმარებელი ვერ იღებს კვალიფიციურ მომსახურებას და ირღვევა მისი უფლებები, მათ შორის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.

"საპარიკმახეროებში, ისევე როგორც სტომატოლოგიურ კლინიკებში, დიდია ჩ, ი ჰეპატიტითა და შიდსით დაავადების რისკი. ამასთან, შიდსის ვირუსი არ არის ისეთი მდგრადი, როგორიც ჩ ჰეპატიტის ვირუსი, რომლის მოსასპობად საჭიროა სტერილიზაცია 15 წუთის განმავლობაში, 130 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, რაც დღეს თბილისსა თუ სხვა ქალაებში არსებული საპარიკმახეროების უმრავლესობაში არ ხდება; შიდსის ვირუსის გასანეიტრალებლად ინსტრუმენტის სტერილიზაცია 60 გრადუსზე საკმარისია, ამიტომ მოსახლეობა, განსაკურებით სალონების ხშირი სტუმრები ასეთ ხერხს მიმართავენ, თვითონ ყიდულობენ საჭირო იარაღების ნაკრებს და სალონში დააქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს, ვხედავთ, რომ ირღვევა კლიენტთა უფლებები, მათ შორის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლება, მომხმარებელი ვერ იღებს კვალიფიციურ მომსახურებას", - ამბობს კოიძე და დასძენს, რომ ზოგიერთ სალონში არა მარტო სტერილიზაციის, ჰიგიენის პრობლემაც შეიმჩნევა.

რაც შეეხება თავად შემოწმების პროცედურას, როგორც გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, პირველ რიგში, ხდება ინფექციის კონტროლი და დაღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები, რის შემდეგაც გამოსასწორებლად სალონს გონივრული ვადა ეძლევა, ხოლო დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში, დაწესებულება მაშინვე ჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა ინფექციის კონტროლზე 50-დან 100 ლარამდე, ხოლო დაურეგისტრირებლობაზე 500 ლარით განისაზღვრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×