თამარ მუკბანიანი
28.07.2018

 შახტის ბედი კვლავ გაურკვეველია. მთავრობის პოზიციაა, რომ მინდელის სახელობის შახტი სახელმწიფოს მფლობელობაში არ გადავიდეს. "საქნახშირი" მზაობას გამოთქვამდა, რომ კომპანია სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაეცა. როგორც ჩანს, შახტი კვლავ კერძო საკუთრებაში დარჩება, რადგან პრემიერმა განაცხადა, რომ შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არაა. ვისი საქმე გახდება ან ვინ ითავებს შახტის მართვას, ისევ უცნობია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მმართველ კომპანიას ("საქნახშირს") არ აქვს რესურსი და უფლება, მინდელის შახტის განმკარგავად დარჩეს.

ამ დრომდე უცნობია, რამდენი ხნით იქნება შახტი დახურული, როგორ განაგრძობს ფუნციონირებას და ვინ იქნება მმართველი კომპანია.

პრემიერი შახტის სახელმწიფო მმართველობაში გადასვლას გამორიცხავს. მისი თქმით, შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არაა და დარგს რეალურად გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია სჭირდება, რომელშიც მომუშავეები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, დარგი როგორ განვითარდება, რომ მან შეინარჩუნოს და გაზარდოს სამუშაო ადგილები. შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არაა. ჩვენ უნდა ვხედავდეთ კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც ადვილად დასანახი იქნება მოსახლეობისთვის. მათი სამუშაო ადგილები პროგნოზირებადი უნდა იყოს. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა ადამიანის სიცოცხლეზე მაღალა ვერაფერს დავაყენებთ.

აყველა შახტი უნდა იყოს დალუქული მანამ, სანამ არ მივიღებთ გამოძიების შედეგებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. ასევე ველოდებით საინჟინრო ექსპერტიზას", - ამბობს მამუკა ბახტაძე.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ შახტი უნდა დარჩეს კერძო კომპანიას სამართავად, თუმცა ეს კომპანია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს "საქნახშირი".

"ნამდვილად არ ვემხრობი, რომ შახტს სახელმწიფო მართავდეს. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ცუდი გამოცდილებაა, სახელმწიფო კომპანიები წარმატებულად ვერ იმართება. ამის პრეცედენტი უცხოეთში არსებობს და თან - არაერთი. "საქნახშირს" არც მორალური, არც სამართლებრივი უფლება აღარ აქვს, რომ იქ დარჩეს.

გარდა იმისა, რომ ეს კომპანია ვერ უზრუნველყოფს შახტის უსაფრთხო ფუნქციონიერებას, ისინი იტყუებიან. პირველი ტყუილია, რომ შახტი წაგებაზე მუშაობს და ასეთი ქველმოქმედები არიან. გამოაქვეყნონ ანგარიშები, გვანახონ, დაგვიმტკიცონ, რომ ნამდვილად არ აქვთ მოგება შახტიდან და ამ პასუხუსმგებლობას ენთუზიაზმის ხარჯზე იღებენ.

ვუშვებ, რომ საკაშვილმა, ბეჟუაშვილს ეს შახტი უბრალოდ აამუშავებინა ისე, რომ ის სულაც არ იყო მომგებიანი. ასეთი პრეცედენტები არსებობდა გასულ წლებში, როცა ბიზნესი იძულებით იღებდა კომპანიას სამართავად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, სხვა პრეფერენციებს მიიღებდნენ ამის სასარგებლოდ", - აცხადებს ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, თუ შახტის გადაბარების სურვილს არც ერთი კომპანია არ გამოთქვამს, შესაძლოა, შეიქმნას სააქციო საზოგადოება, რომელიც მინდელის სახელობის შახტს ჩაიბარებს.

"საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, იქ ძირეულად არაფერი შეუცვლიათ. საზოგადოება ალბათ აკვირდება, რომ ტრაგედიები ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გახშირდა და არა 2007 წლიდანვე, როცა "საქნახშირმა" მართვა დაიწყო. მიზეზი ძალიან მარტივია, დაძველდა ყველაფრი. 6 ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ბაგირის გაწყვეტას შეეწირა, ამით მგონი, ყველაფერია ნათქვამი", - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

საკითხის სამართლებრივ მხარეზე საუბრობს იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი. ის თვლის, რომ შახტი სხვა კერძო კომპანიის მართვაში უნდა გადავიდეს. მისივე თქმით, საქართველოშიც და ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც უამრავი მაგალითია, როცა სოციალური ტიპის საწარმოთი კერძო ბიზნესი ინტერესდება.

"დღეს პოპულარულია კითხვა, თუ "საქნახშირის" გარდა, შახტი ვინ შეიძლება, მართოს. პირველ ეტაპზე სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს, საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი მისი მართვა იმ ფონზე, რასაც ჩვენ ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვხედავთ.

პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ფინანსური საკითხების შესწავლა და მონიტორინგი. ფაქტია, ობიექტის დახურვა არ იქნება მიზანშეწონილი, იქედან გამომდინარე, რომ ტყიბულში ეს მაღარო ისედაც სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულებისაა და სხვა სამუშაო ადგილის შექმნა იქ ძნელია. მთავრობას აქვს რესურსი, ამ საკითხს, როგორც ერთიან კომპლექსს, შეხედოს. გასარკვევია ისიც, რა საბანკო ვალდებულებები და აქტივები აქვს კომპანიას, რა ვალდებულებებია ყოფილი, მაღაროში დაშავებული თანმშრომლების მიმართ და მხოლოდ ამ ანალიზის შემდეგ შეიძლება კომპანიის გასხვისებაზე საუბარი.

გასაგებია ტყიბულში ადგილობრივების პოზიცია, რომ მათ აღარ სურთ, იგივე კომპანია დარჩეს მართვაში. როცა იქ ხალხი იღუპება, ჭირისუფლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ბაგირი სიძველის თუ უხარისხობის გამო გაწყდა. კომპანიის მხრიდან ეს თემა მორალურად გაცვეთილი გახდა. როცა საუბრობენ, რომ "საქნახშირს" აღარ ენდობიან, ამ პოზიციასაც თავისი მიზეზი აქვს.

სახელმწიფოს მართვაში გადასვლის ნაცვლად, უნდა მოხდეს შახტის კერძო ბიზნესისათვის გადაცემა. საქართველოშიც და განვითარებული დემოკრატიის ევეროპულ ქვეყნებშიც ბევრი მაგალითია, როცა სოციალური ტიპის საწარმოთი კერძო ბიზნესი ინტერესდება. ვფიქრობ, ეს აქაც შესაძლებელია.

მნიშვნელოვანია, ყველა შემთხვევაში, ვის ხელშიც უნდა იყოს შახტი, სახელმწიფო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და აკონტროლოს პროცედურები, რომლებზეც საბოლოოდ ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული", - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×