"პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ეს მოკლევადიანი პერსპექტივაა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თუ მათ შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა შედგება. პრეზიდენტი ვინ გახდება, ეს ბევრს არაფერს ცვლის ქვეყანაში", - განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.
კანდიდატები, რომლებიც საპრეზიდენტოდ იბრძოლებენ, ნაწილობრივ ცნობილია. უსუფაშვილი-მარგველაშვილის რეალური გაერთიანების შესახებ პირველ აგვისტოს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" კანდიდატს, ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, თუ "ოცნების" რიგებიდან დასახელდება, საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები პასუხს ჯერ კიდევ ელოდებიან.
"რეზონანსი": მარგველაშვილი-უსუფაშვილი, თქვენი აზრით, ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენად მაღალ კონკურენციას გაუწევენ და გამარჯვების რამდენად დიდი შანსი აქვთ?
ვახტანგ ძაბირაძე: თუ შესაძლებელი არის ასეთი კადრების არსებობა, აუცილებელია, იბრძოლონ იმისათვის, რომ გაიმარჯვონ კიდეც, მაგრამ, არსებულ რეალობაში, როდესაც ოპოზიცია არის დაქსაქსული, გამარჯვების შანსი ძალიან დაბალია.
დააყენებს თუ არა "ქართული ოცნება" თავის კანდიდატს, გაურკვეველია. ამის შესახებ განცხადებაც გააკეთა ივანიშვილმა. მისთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანია, თუკი "ოცნება" კანდიდატს არ დაასახელებს. იტყვის, რომ ჩვენ ოპოზიციას დავუთმეთ საპრეზიდენტო სავარძელი.
თუ დაასახელებენ, ივანიშვილი იტყვის, მე სულ სხვა რამ მინდოდა, მაგრამ გუნდმა ასე გადაწყვიტაო. მათთვის, პიარის თვალსაზრისით, ეს სწორი ნაბიჯი იყო.
მარგველაშვილ-უსუფაშვილმა თავიანთ პერსპექტივაზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე, ამ შემთხვევაში რამდენად დიდი შანსი აქვს "ოცნების" კანდიდატს. ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, "ოცნება" მაინც გაიმარჯვებს.
"რ": ივანიშვილის განცხადებით, "ოცნება" პრეზიდენტის პოსტს ოპოზიციას დაუთმობს. ეს რამდენადაა შესაძლებელი?
ვ.ძ: თუკი "ოცნება" კანდიდატს არ ასახელებს, პერსპექტივა არსებობს ოპოზიციაში ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენისა. როდესაც "ოცნება" ამბობს, ნეიტრალურ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო, თუკი ის რომელიმეს დაუჭერს მხარს, მისი კანდიდატი იქნება და მას პარტია წარადგენს თუ თავად საინიციატივო ჯგუფი, ფორმალურად ამას მნიშვნელობა არ ექნება. ამ შემთხვევაში ის თავისუფალი კანდიდატი მაინც არ იქნება.
იმ პირობებში, რომ ოპოზიციას მრავალი კანდიდატი ჰყავს, "ქართული ოცნების" გამარჯვება არის გარანტირებული. კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს: ზურაბიშვილი, სუბარი, აბაშიძე, უსუფაშვილი, თქვენ, მე... არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც ის გაიმარჯვებს არსებულ დაქსაქსულ სიტუაციაში.
"რ": სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე რას მეტყვით; რამდენად შესაძლებელია, ზურაბიშვილი "ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი იყოს და რა შანსები აქვს მას?
ვ.ძ: რამდენად აძლევს ხელს "ოცნებას", დააყენოს ზურაბიშვილი, ეს უცნობი საკითხია; ამით რას მოიგებს? - ქვეყნის შიგნით ვერაფერს მოიგებს. არ ვიცი, ქვეყნის გარეთ რა გამოხმაურება მოჰყვება ამას.
ზურაბიშვილი დამოუკიდებელი და ნეიტრალური კანდიდატი ვერ იქნება. საერთოდაც, დამოუკიდებელ კანდიდატად ვერ აღიქვამს ვერავინ იმას, ვისაც "ოცნება" მხარს დაუჭერს.
პოლიტიკურად თუკი აძლევს ხელს "ოცნებას", რომ იყოს ზურაბიშვილი, დაასახელებს და დაუჭერენ მხარს.
თავად "ოცნებაში" არსებობს დაჯგუფებები, რომელთაც თავიანთი კანდიდატი ალბათ ჰყავთ შერჩეული. ამ შემთხვევაში, თუკი დასახელებული დაჯგუფებებიდან არავის ასახელებენ, ზურაბიშვილს, რომელიც არც ერთი ამ დაჯგუფების ფავორიტი არ არის, იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროით ლიდერების ჩხუბი "ოცნების" შიგნით არ გამოიკვეთება.
გარკვეული დროითა და ვადით "ოცნება" შეინარჩუნებს ერთიანობას პარლამენტსა და პარტიაში, მაგრამ ეს ერთი წელი თუ გაგრძელდება, შემდეგ მაინც მოხდება დაშლა. საგარეო ვითარებაში არა მგონია, ზურაბიშვილს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მინიჭებული.
"რ": გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წამოყენებულ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესაც შევეხოთ...
ვ.ძ: ეს რომელი გაერთიანებული ოპოზიციაა, ადრე რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო, შემდეგ, დაშლის შემდეგ ისევ რომ გაერთიანდნენ? - გაერთიანებულის სახელით არიან ახლა; მოკლედ, რომ ვთქვა, მანიპულაცია ხდება და მეტი არაფერი. ეს არ არის გაერთიანებული ოპოზიცია, ეს არის დაშლილი წევრებისგან შემდგარი ოპოზიცია.