"ახალ პოლიტიკურ ძალას შეიძლება, ისევ "ოცნების" წიაღში ჩაეყაროს საფუძველი, მაგრამ ეს მოსალოდნელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
"2019 წელი მოსამზადებელი პერიოდი იქნება", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
"რეზონანსი": ივანიშვილის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომ "ოცნებამ" თავისი კანდიდატი არ დაასახელოს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს, თქვენმა კოლეგებმა ეს ინიციატივა ქართულ პოლიტიკაში მნივშნელოვანი პროცესის დასაწყისად შეაფასეს.
იგორ კვესელავა: მე ვფიქრობ, რომ "ოცნებამ" საპრეზტიდენტო კანდიდატი თავისი რიგებიდან არ უნდა დააყენოს და მხარი უნდა დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელიც არბიტრის ფუნქციას შეასრულებს და შეძლებს საქართველოს ინტერსების დაცვას საერთაშორისო არენაზე.
არ ვიცი, ვინ იქნება "ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ უკვე გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თავისი ცნობადობით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთ მისაღები ფიგურაა, თანაც ქალი პრეზიდენტი სიახლეს შემოიტანს ქართულ პოლიტიკაში.
რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, მე აქ უფრო ქვეტექსტი დავინახე, მან თავისი მოსაზრებით თავსატეხი გაუჩინა თავის გუნდსაც და საზოგადოებასაც, ანუ სიტყვა შემოაგდო და ახლა დაელოდება ხალხის რეაქციას.
ვფიქრობ, ორ-სამ დღეში უკვე ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას "ოცნება", თუ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს.
მე პირადად ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კანდიადტურას დავუჭერდი მხარს, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან თავად მას არ სურს, მიიღოს მონაწლოება. არ ვიცი, თუ პარტია დაუჩოქებს და ეტყვის, ჩვენ კანდიდატი ვერ ვიპოვეთ და გვიშველეო, მაშინ რა მოხდება, არ ვიცი.
"რ": ივანიშვილმა ისიც თქვა, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუციაო. ანუ ამ არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტებად "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" შეიძლება დარჩეს? ამ ორი პარტიიდან რომლის კანდიდატს აქვს გამარჯვების მეტი შანსი?
ი.კ: ივანიშვილს ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, რას ჰქვია, ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუცია? რომელმა ოპოზიციამ, 10%-იანი მხარდაჭერა რომ აქვს საზოგადოებაში? ან რატომ უნდა წაიღოს, ისევ გაუკუღმართებული პოლიტიკური პროცესები რომ დაიწყოს?
"ევროპული საქართველო" და "ნაცმოძრაობა" თუ ერთმანეთს დაუპირისპირდა, რა თქმა უნდა, ბაქრაძეს გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ის გამოცდიდი, უფრო გაწონასწორებული პიროვნებაა და მასთან კამათიც შეიძლება. ვაშაძეზე რა მოგახსენოთ, მე ვფიქრობ, რომ "ნაცმოძრაობის" პარტიის წევრი საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს.
"რ": თქვენი კოლეგები იმასაც ამბობენ, რომ ამ არჩევნების ერთადერთი პოზიტივი იქნება, თუ გაჩნდება მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ალტერანტივა იქნება, თუნდაც უსუფაშვილ-მარგველაშვილის ალიანსი.
ი.კ: უსუფაშვილს მე მსუბუქი ჟანრის პოლიტიკოსად არ აღვიქვამ და მას ნამდვილად აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ მისი რეიტინგი საზოგადოებაში მაღალი არ არის.
რაც შეეხება მარგველაშვილს, მას საქართველოს მოსახლეობა მეორე ვადით პრეზიდენტად აღარ აირჩევს; მისი მოღვაწეობა ამ რანგში უკვე ყველასთვის ცნობილია, პრეზიდენტი, რომელიც არბიტრი უნდა იყოს, იგი ვერც ოპოზიციასთან ახერხებს მოლაპარაკებას და ვერც ხელისუფლებასთან.
"რ": ალეკო ელისაშვილმაც შეიძლება დამოუკიდებელ კადიდატად იყაროს კენჭი ამ არჩევნებში. მას რა შანსები აქვს?
ი.კ: შეიძლება, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ელისაშვილზე პირდაპირ გეტყვით - "კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო". მისი განცხადებები არის პოპულისტური და გარკვეული ჯგუფების ინტერესებზე მორგებული.
მე პირადად ვერ ვიხსენებ, რა გაუკეთებია მას ქვეყნისთვის; შეიძლება, რაღაც მხარდაჭერა ჰქონდა თბილისში, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ექნება მას მხარდაჭერა, მთელი საქართველოს მასშტაბით გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი? მე ამას ვერ ვხედავ.
"რ": ჯერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღიც არ არის ცნობილი და ოპოზიცია აქცენტს მეორე ტურზე აკეთებს, რამდენად დიდია მეორე ტურის ალბათობა ან ამ არჩევნებში ექსცესებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
ი.კ: რა თქმა უნდა, კანდიდატი ბევრი იქნება, დაწყებული ვაშაძით, ნათელაშვილითა და სხვებით, ამ დღეებში კიდევ ბევრი დააყენებს თავის კანდიდატურას, იქნება ურთიერთბრალდებები, ერთმანეთის შეურაცხყოფა, მაგრამ ექსცესებს არ ველი და არც მეორე ტური არ იქნება, ყველაფერი პირველივე ტურში დასრულდება.
"რ": ისევ ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს მინდა დავუბრუნდეთ. "ქართული ოცნების" შიგნით არსებულ პრობლემებზე საუბრისას მან თქვა, რომ პარტიას გადახალისება სჭიდება და პარტიაში ახალი თაობა უნდა მოვიდეს. თქვენი აზრით, ამოწურა "ოცნებამ" თავისი პარტიული რესურსი?
ი.კ: ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში აშკარად ჩანდა, რომ იგი უკმაყოფილოა თავისი პარტიის საქმიანობით და ამიტომაც დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ.
რაც შეეხება პარტიის მომავალს, ალბათ, პარტია არ დაიშლება, მაგრამ განახლებას რომ საჭიროებს, ეს ფაქტია და ვფიქრობ, ივანიშვილის ძალისხმევით პარტიას ახალი სტრატეგიითა და ტაქტიკით მოუწევს მუშაობის გაგრძელება.
ახალგაზრდებზე სწორებაც კარგია, თუმცა, ჩემი აზრით, ახალაგაზრდა და ძველმა თაობამ ერთად უნდა მოახდინოს ის ცვლილებები, რომლებსაც პარტიის სამომავალო გეგმები უკავშირდება.
რაც შეეხება ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, არ არის გამორიცხული, რომ "ოცნების" წიაღშივე ჩაეყაროს საფუძველი, მაგრამ ეს ალბათ, უფრო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდება, 2019 წელი კი სამზადისის წელი იქნება.