არაოფიციალურად დაწყებული საპრეზიდენტო მარათონი აზარტში შედის და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ბევრი სიახლის მოლოდინია.
უახლოეს დღეებში საკუთარი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს მმართველმა პარტიამ და, როგორც მოსალოდნელია, თუკი "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადებს მხარდაჭერას, პარალელურად, 1-ელ აგვისტოს ცნობილი გახდება, გიორგი მარგველაშვილი დათანხმდება თუ უარს იტყვის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმაზე.
თუკი მარგველაშვილი უარს იტყვის კენჭისყრაზე, მარათონში ჩაბმასა და დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას გეგმავს ალეკო ელისაშვილი. მისი განცხადებით, მისი მთავარი მიზანია, "ოცნებამ" დამოუკიდებელი კანდიდატის ნიღაბის ქვეშ არ გაიყვანოს საკუთარი სატელიტი პოლიტიკოსი - სალომე ზურაბიშვილი.
გარდა ამისა, პრეზიდენტი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს არჩევნების თარიღს. თარიღის რაც შეიძლება მალე გამოცხადებისკენ გუშინ ქვეყნის პირველ პირს ენ-დი-აიმ მოუწოდა, რომელიც საარჩევნო პროცესის დაკვირვებას აწარმოებს და რომლის წარმომადგენლის თქმით, ოქტომბრამდე ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომაც აუცილებელია, ამოქმედდეს მთელი რიგი საარჩევნო რეგულაციები და კანდიდატებსაც ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში თარიღი ცნობილი გახდება.
გიორგი მარგველაშვილისგან პასუხს ელოდებიან ოპოზიციის გარკვეულ წრეებშიც, რადგანაც რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და პარტია "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მარგველაშვილს საჯაროდ სთხოვა, კანდიდატად დაესახელებინა თავი და რამდენიმე კვირაა, კონსულტაციებსაც მართავს, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ ისმის.
გუშინ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 1-ელ აგვისტოს გახდება ცნობილი, მარგველაშვილი იქნება კანდიდატი თუ თავად დააყენებს საკუთარ კანდიდატურას.
დიდი ალბათობით, სწორედ 1-ლი აგვისტოს შემდეგ გადაწყვეტს საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩართვას ალეკო ელისაშვილიც, ვინც ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში თბილისის მერის არჩევნებზე ყველა ოპოზიციურ კანდიდატზე მეტი ხმა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასვლა შეძლო.
როგორც ჩანს, წინ ცოტა უჩვეულო არჩევნები გველის, სადაც პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებზე მეტად მთავარი ბრძოლა და ინტრიგა დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის იქნება და ეს ინტრიგა ბიძინა ივანიშვილმა შემოაგდო.
რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, "ოცნებას" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდეს და პარტიამ მხარი ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს, ხოლო თუ "ღირსეული" არ იქნება, არც არავის არ დაუჭიროს და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი".
ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ "ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ დემოკრატიისთვის ეს ძალიან კარგი ნაბიჯია და, როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ყველაზე დიდი ფსონი სწორედ დამოუკიდებელ კანდიდატებზე დაიდება.
უკვე ითქვა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარი "ოცნების" ხელშეწყობით გახდა. თავად ზურაბიშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს კენჭისყრაში მონაწილეობას და აცხადებს, რომ ამას იტყვის მაშინ, როცა დრო მოვა.
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, პარტია გადაწვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს და, დიდი ალბათობით, იტყვის, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც მალე დამოუკიდებელ კანდიდატად გამოაცხადებს თავს სალომე ზურაბიშვილიც.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ზურაბიშვილი არა დამოუკიდებელი, არამედ "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება და ამდენად, თუ დაინახავს, რომ არსებობს საშიშროება, პრეზიდენტის თანამდებობაც "ოცნების" ხელში აღმოჩნდეს, არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდება.
მისი თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა მარგველაშვილისგან პასუხი ვერ მიიღო, თანაც, მარგველაშვილის მხარდაჭერის ხასიათი წაუხდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მან "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა.
"ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია - კონსტიტუციის მიხედვით ბოლო არჩევნებია, როცა ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ ძალიან გაუგებარი წესით აირჩევენ.
"სულ ველოდები ბოლო წამამდე, რომ გამოჩნდება ისეთი კანდიდატი, ვინც იქნება მებრძოლი, პრინციპული, თანმიმდევრული, თუმცა ასეთს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ბევრი მიჩიჩინებს, რომ ვიფიქრო საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი თვალში ნაცარს გვაყრის, რომ ვითომ კანდიდატს არ ასახელებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, სინამდვილეში, სწორედ "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება.
"ივანიშვილს უნდა, რომ უცხოელები მოატყუოს, ვითომ მათი პარტიის კანდიდატი არ ეყოლებათ, ჩვენ კი ამით არ მოვტყუვდებით. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ვერაფერს იზამენ, მათ ვერც ერთი სამაჟორიტარო ოლქი ვერ მოიგეს.
"დავით უსუფაშვილი მართალია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოღვაწე ადამიანია, მაგრამ ის არჩევნებს ვერ მოიგებს. მარგველაშვილი, ვხედავთ, ფეხს ითრევს და არ ვიცი, ეს საერთოდ რა თამაშია. აი, სალომე ზურაბიშვილი დაფდაფებით შევა, სუს-ი და "ქართული ოცნება" შეიყვანს, თუკი ჩვენ დავსხედით და ჯიბეებში ხელები ჩავიწყვეთ", - განაცხადა "ტვ პირველთან" ელისაშვილმა: "თუ დავინახე, რომ ზურაბიშვილისთვის გაამზადებენ ტახტს და ვითომ თან "ქართული ოცნების" კანდიდატი რომ აღარ იქნება, მაშინ რაც ძალი და ღონე მექნება, დავუპირისპირდები, რომ პრეზიდენტადაც არ მოკალათდეს "ოცნებისაგან" და ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ყურმოჭრილი ყმა არ ვიხილოთ".
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ალეკო ელისაშვილი უფრო "ხალხურია", ვიდრე ზურაბიშვილი, თუმცა ამომრჩეველი ვის უფრო დაუჭერს მხარს, ამის პროგნოზირება რთულია.
"ალეკო ელისაშვილი უფრო იქნება პარტიებისგან დამოუკიდებელი ფიგურა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, თუნდაც იმიტომ, რომ ზურაბიშვილს თვითონ აქვს პარტია "საქართველოს გზა". აღიქმება, თუ არა სალომე ზურაბიშვილი "ოცნებისგან" დამოუკიდებელ ფიგურად, ეს კიდევ ცალკე თემაა.
"ელისაშვილთან ეს პრობლემა ნამდვილად არ დგას. სიმართლე გითხრათ, ელისაშვილის გამოჩენას ველოდი. ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ფიგურები კიდევ გამოჩნდებიან.
"ალბათ, შეიქმნება კონკურენცია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის, არამედ უპარტიო წარმომადგენლებს შორისაც და ეს სხვა სახის კონკურენცია გახლავთ. ვის უფრო აქვს გამარჯვების შანსი, ეს რთული საპროგნოზოა", - აცხადებს საყვარელიძე.