ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის სიკვდილით დასჯა შემოაქვთ
ეკატერინე ბასილაია
28.07.2018

 სოხუმის რეჟიმი ნარკოტიკების გამსაღებლებისა და მომხარებლებისთვის კანონს ამკაცრებს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ასევე უზრუნველყოფს ბრალდებული პირების ქონების კონფისკაციას.

ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი ე.წ. დეპუტატი დმიტრი დბარი ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა აქამდე ოკუპირებულ აფხაზეთში 15-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, რომელიც ახლა შესაძლოა, ახალი სს-ის კანონმდებლობით შეიცვალოს.

"დეპუტატ" დმიტრი დბარის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით შემოღებული სანქციები იმ პირთა ჯგუფზეც გავრცელდება, რომლებსაც საზღვარზე აკრძალული ნივთიერებები დიდი ოდენობით გადააქვთ.

სანქციების გამკაცრება ასევე შეეხებათ პირებს, ვინც სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ და წარსულში ადმინისტრაციული სასჯელი აქვთ დაკისრებული. ჯარიმა მათთვის 600 000 რუბლი იქნება და პლუს, ჩამოართმევენ მართვის მოწმობას. ასევე 1 წლის ვადით შეეზღუდებათ თანამდებობის დაკავება.

სისხლის სამართლის კოდექსის შესწორების თანახმად, იკრძალება ასევე ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული პირის ვადამდე გათავისუფლება საპატიმროდან.

ე.წ. დეპუტატი ვალერი აგრბა იმედოვნებს, რომ კანონის გამკაცრება, გასაღებისთვის ადამიანს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა, შეაჩერებს აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პროცესს.

ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის ეფექტურობის მაგალითებად ვალერი აგრბას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს. იგი ამბობს, რომ ამ ქვეყნებში პრაქტიკულად აღარ არსებობს ნარკოტიკების არალეგალური მიმოქცევის პრობლემა.

უკვე წლებია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას ნარკომანია "ეროვნული უშიშროების საფრთხედ" აქვს გამოცხადებული. დე ფაქტო რესპუბლიკის ნარკოლოგიური ცენტრის სტატისტიკით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, ყოველწლიურად 200 ადამიანით. მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან და მათ შორის - არასრულწლოვანებიც, რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია.

აფხაზეთში ნარკოტიკული ნივთიერებების შოვნა მარტივია და თან, იაფიც, ეს სფერო საერთოდ უკონტროლოა, ამიტომაც უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის ხდება ნარკოტიკი მარტივად ხელმისაწვდომი.

"აღრიცხვაზე მყოფი ადამიანები აფხაზეთში არსებულ რეალურ სურათს ვერ ასახავენ, რადგან, სინამდვილეში, რეგიონში გაცილებით მეტი ნარკოდამოკიდებულია. 2016 წელს აღრიცხვაზე იყო 2 440 ადამიანი, მათგან 949- ნარკოდამოკიდებული, დანარჩენი 1491 - ალკოდამოკიდებული.

"ეს ის კატეგორიაა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის - უსახსრობის გამო, ნარკოტიკისთვის თავის დანებება ალკოჰოლით სცადა და გალოთდა... 2013 წელს აფხაზეთში ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 769 ალკოდამოკიდებული, 2016 წლისთვის მათი რიცხვი 1349-მდე გაიზარდა, 2017 წელს კი ნარკომომხმარებელთა 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა", - განაცხადა სოხუმის მთავარმა ნარკოლოგმა ირმა ანუამ.

აფხაზი ნარკოლოგის თქმით, ასეთი მძიმე სურათის მიზეზი, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, კრიმინალური ცხოვრების წესის რომანტიზებაა.

გასული წლის ოქტომბერში სოხუმში დიდი აქციაც მოეწყო, სადაც აქციის წევრები აცხადებდნენ, რომ ბოლო წლებია, ნარკომანიამ აფხაზეთში საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ნარკოდამოკიდებული. ისინი სოხუმის რეჟიმს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდებდნენ.

დე ფაქტო პარლამენტს გაუგზავნეს მოთხოვნა, სადაც ნარკორეალიზატორებზე სასჯელის გამკაცრება, მომხმარებელთა მიმართ კი შემსუბუქება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების პრეტენზია იყო, რომ აფხაზური მილიცია რეალურად არ ებრძვის ნარკომოვაჭრეებს და ნარკოტიკების ყიდვა ძალიან იოლია, ამიტომ ისინი ამ სტრუქტურაში დიდი წმენდის ჩატარებას მოითხოვდნენ.

გასულ წელს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ კანონის გამკაცრების საკითხი დააყენა დე ფაქტო დეპუტატების ნაწილმაც. მათთვის მიუღებელი იყო, როდესაც ნარკომოვაჭრეებს ხშირად 5-წლიან, იშვიათ შემთხვევებში კი 15-წლიან პატიმრობას უფარდებენ და სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრ პაატა დავითაიას განცხადებით, რეალურად პრობლემა ისაა, რომ აფხაზი ახალგაზრდების 90% ნარკომანია და ამ დიდ პრობლემაზე უკვე ღიად ლაპარაკობენ დე ფაქტო ხელისუფლებაში.

"ეს გამოწვეულია იმით, რომ აფხაზეთი დიდი ნარკოტრაფიკია. ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია თბილისს და ინტერპოლის სისტემაშიც არის ცნობილი, რომ აფხაზეთი არის საერთაშორისო ნარკოტრაფიკის გზა.

"აფხაზეთი არის ბაზა, ნარკოტიკების ევროპაში შეტანის ყველაზე მოკლე გზა საჰაერო გზით და საჰაერო გზა არ კონტროლდება. ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალიტეტი, რომლებიც აკონტროლებენ ამ რეგიონს, ძირითადად ნარკოვაჭრობით არიან დაკავებული. გარდა ამისა, აფხაზეთში ახალგაზრდებში ისევ არის ომის სინდრომი.

"ახალგაზრდები ყოველთვის შეიარაღებული არიან და რატომღაც ასეთი მიდგომა აქვთ, რომ მათ არ უნდა იმუშაონ და სხვისი ქონების დაუფლებით იცხოვრონ.

"ქართველების ქონება იქ უკვე დამთავრდა და ახლა სხვა არაფერი დარჩენიათ, ან უნდა ილოთონ, ან წამალი გაიკეთონ. პლუს, აფხაზეთში უმუშევრობა ისედაც ძალიან მაღალია, ბიზნესის კონტროლი კრიმინალური მიდგომებითაა.

"ეს ყველაფერი ერთადაა გადაჯაჭვული და ამიტომაც ნარკოტიკების პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას. იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ ყველაზე ხშირად ამაზე საუბრობენ და იწერება, რომ ლამის ყოველი მეოთხე ახალგაზრდა ნარკოტიკებით იხოცება", - ამბობს დავითაია.

მისი თქმით, აფხაზებს ის უსრულდებათ, რაც ქართველებმა 1990-იან წლებში უწინასწარმეტყველეს.

"დე ფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ სერგეი შამბას გამოსვლა იყო ოპოზიციურ შეკრებაზე, სადაც თქვა ის, რაც ჩვენ ვუწინასწარმეტყველეთ, რომ აფხაზი ერი ნადგურდება. სეპარატიზმის მამამ, შამბამ თქვა, რომ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს, საქართველოს შევეხვეწოთ, რადგან გასაქანი მარტო მათთან გვაქვსო. ამაზე ლაპარაკობს შამბა.

ფაქტობრივად აღიარებენ, რომ არშემდგარი სახელმწიფო აქვთ და ერის განადგურების პრობლემა აქვთ. 50 ათასი აფხაზია დარჩენილი, ერთი სტადიონი ხალხიც კი არ არის დარჩენილი", - დასძენს დავითაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×