მარიამ კუპატაძე
28.07.2018

 კოჯორში პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა" გააცნო. ბახტაძემ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნება ისეთი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იქნება გადასახადები სოფლის მეურნეობაში.

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვერასდროს დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. ბევრი ჩვენი ოპონენტი საუბრობს, რომ მიუხედავად მასშტაბური ინვესტიციებისა, სოფლის მეურნეობაში მაინც ვერ ხდება გარღვევა.

„ჩვენ უნდა განვასხვავოთ სოფლის მეურნეობა ნატურალური მეურნეობისგან. სამწუხაროდ, იმას რასაც ჩვენ და ჩვენი ოპონენტები ვუწოდებთ სოფლის მეურნეობას, ის არ გახლავთ სოფლის მეურნეობა. ის არის, ნატურალური მეურნეობა, რომელიც გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი წყარო. დღეს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ცხოვრობს სოფლად, იძულებულია იყოს დაკავებული არა სოფლის მეურნეობით, არამედ ნატურალური მეურნეობით ანუ აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელსაც თვითონ იყენებს საკვებად", - აცხადებს ბახტაძე.

მისი თქმით, „მწვანე ეკონომიკის" ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი სწორედ სოფლის მეურნეობა იქნება და საქართველო ძალიან მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა გახდება.

მან სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის განბაჟების გადასახადი გაიზრდება იმ მოტივით, რომ საქართველოში მეტი ჰიბრიდულ მანქანა და ელექტოავტომობილები შემოვიდეს.

ბახტაძე ფიქრობს, რომ საქართველო უახლოეს წლებში შეძლებს, მიიღოს უფრო მეტი რაოდენობის ისეთი მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს.

„მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება საქართველოში „ევრო ერთი", „ევრო ორი" და „ევრო სამის" ტიპის მანქანების იმპორტი, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ეკოლოგიისთვის. ამ პოლიტიკის შემოღებით მნიშვნელოვნად შევცვლით ამ ძალიან ცუდ ტრენდს.

„ამ ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდება პერიოდიული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მსუბუქი ავტომობილების 90%-ს რომლის იმპორტი ხორციელდება საქართველოში, არ აქვთ გამართული ე.წ. კატალიზატირის სისტემა, რომელიც ძალიან საშიშია. ბახტაძე ამბობს, რომ ეს უკავშირდება მანქანის როგორც ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს გარემოზე ზემოქმედებას.

ბახტაძის განცხადებით, ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ახალ სტანდარტზე მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან გადავა.

„ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. იცით, რომ ამ მხრივ გადავდგით ნაბიჯი. ვგულისხმობ ბენზინის მიმართულებაში სტანდარტის აწევას, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავრცელდეს დიზელის საწვავზეც. საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარება. შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი ევრო ოთხამდე, ხოლო 2020 წელს უკვე ის გავზარდოთ ევრო ხუთამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ ათჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს ხდება საქართველოში," - აღნიშნა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×