ტატა შოშიაშვილი
28.07.2018

 აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელის მიხედვითაც, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვის შემთხვევაში, დამნაშავე სიკვდილით დაისჯება.

პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონი შედეგს ვერ გამოღებს. მისივე თქმით, ეს არის სეპარატისტული რესპუბლიკის სასოწარკვეთილი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაჭრელად.

სეპარატისტული რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„რეზონანსთან“ საუბრისას ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის „რესპუბლიკაში“ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალია:

„რა თქმა უნდა, აფხაზეთში ამ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად მძიმე მდგომარეობაა. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და გავრცელება, ალბათ, საზოგადოების ნომერ პირველი პრობლემაა აფხაზეთში და არ იციან, როგორ მოუარონ  და როგორ გადალახონ ეს უბედურება. ამიტომ იძულებულნი არიან, რომ რაღაც უაზრო კანონები მიიღონ.

„არანაირი გამართლება არ აქვს სიკვდილით დასჯას ამ მიმართულებით. თუ არ ვცდები, დე ფაქტო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა არც ყოფილა აკრძალული, უბრალოდ არ ხორციელდება. ჯერ ერთი, არ უსჯიან არავის სიკვდილით დასჯას მიუხედავად იმისა, რომ მათთან კოდექსში ეს არის. შესაბამისად, არ ხდება ამ განაჩენის რეალიზაცია. 

„ეს არის მკვდარი ნორმა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ მუშაობს. შეიძლება, კანონმა ამ მიმართულებით არ იმუშაოს, მაგრამ, როგორც ხიფათი, შესაძლოა ნარკოდილერებისთვის არსებობდეს, რათა იცოდნენ, რომ მათ საქმეს შესაძლოა სიკვდილით დასჯითას კი უპასუხონ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მისივე თქმით, ამ „საკანონმდებლო ცვლილებას“ რეალურად არანაირი ეფექტი არ ექნება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უაზრობაა. თუმცა აფხაზები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მკაცრი კანონმდებლობა  მიიღონ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ეს საშინელება. საქმე ისაა, რომ აფხაზეთი არ არის აღიარებული სახელმწიფო და  ამიტომ ის არ არის დაცული არანაირად  საერთაშორისო ნორმებით. მათ არსებითად ნორმალური საზღვრების კი არ აქვთ, რუსეთი იცავს მათს ე.წ. საზღვრებს, შესაბამისად, იქ იოლად შედის ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება და აფხაზეთი ჩრდილო კავკასიისა და ზღვების გავლით ატარებს ნარკოტიკებს რუსეთში და თვითონაც თუ დარჩებათ, მოიხმარენ ამ ნარკოტიკებს.

„არა მგონია, რომ  ასეთი მკაცრი კანომდებლობით მათ რამეს მიაღწიონ და მოუარონ ამ პრობლემას. ეჭვი მეპარება. პრობლემა გაგრძელდება და ამ კანონებით, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვთ  კანონმდებლობასთან,  არ შესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობას, ბუნებრივია, ამ საკითხს ვერ მოაგვარებენ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×