მარიამ კუპატაძე
28.07.2018

 (რეზონანსი) მრავალეროვან სამხედრო სწავლება „ღირსეულ პარტნიორ 2018-ში" მონაწილე სამხედრო ტექნიკა გორშია.

ტექნიკის დიდი ნაწილი უკვე ვაზიანშია თავმოყრილი. სამხედრო ტექნიკის ნაწილი ამ გზას თვით სვლით გადის, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. სიმბოლურია ისიც, რომ სამხედრო ტექნიკა სწორედ გორში გაჩერდა, ქალაქში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყველაზე მეტად დააზარალა.

მოედანზე შეკრებილები არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგეენლები.

მოსახლეობის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ წვერთნების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომიდან 10 წლის თავი სულ მალე შესრულდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ღირსეული პარტნიორი 2018" მონაწილე ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. მათივე ინფორმაციით, წლევანდელ სწავლებაში გერმანული მხარე უფრო მასშტაბურად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვნად გაზრდილია პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა.

გერმანული ტექნიკა, რომელიც ძირითადად ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტექნიკით არის დაკომპლექტებული, საზღვაო გზით ქალაქ ფოთში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან შემოვიდა. ვაზიანში ტრანსპორტირება კი, ფოთიდან სარკინიგზო გზით განხორციელდა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018" 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

გორში იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც.

„ამ სწავლების მიზანი არის, რომ მოხდეს უფრო ღრმა ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების ევროატლანტიკურ სივრცეში," - განაცხადა პოლკოვნიკმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×