ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალი გაჩნდა, რომელმაც იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მოკლულ დათუნა სარალიძეს ვინ და რა სახის იარაღით მიაყენა ჭრილობები. „რეზონანსს“ სანდო წყარო უყვება, რომ გამოძიება მიხეილ კალანდიას კვალზეა გასული და მათ უკვე აქვთ მტკიცებულებები, რომ მას ხელში ხელნაკეთი ცივი იარაღი - ე.წ. „შტირი“ ეკავა, რომლითაც სარალიძეს, სავარაუდოდ, ჭრილობები აქვს მიყენებული.
ასევე წყაროს ინფორმაციით, არსებობენ საქმეში ახალი მოწმეები, რომლებიც დავით სარალიძის დაჭრის ფაქტის შესახებ სრულიად ახალ დეტალებს ჰყვებიან.
ჩვენი წყაროს ინფორმაცია დავით სარალიძის მამამ არც უარყო და არც დაადასტურა. ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სურს დეტალებზე საუბარი, თუმცა გვიდასტურებს, რომ უწყება კალანდიასთვის ბრალის წაყენებაზე მუშაობს და ის სარალიძის დაჭრაში უშუალოდ მონაწილეობდა.