ხობისა და ფოთის ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, პატრიარქს 3 ადამიანი სთხოვდა გადადგომას და არაოფიციალური ცნობით, მათ შორის ერთ-ერთი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი“ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელს ლაშა ჟვანიას გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მეუფე გრიგოლი დაუდასტურებელი ინფორმაციის შესახებ არასდროს საუბრობს, მაგრამ როდესაც პირების დასახელებას ეხება საქმე, უნდა ითქვას კონკრეტული სახელები და გვარები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ სპეკულაციას ექნება ადგილი.
„რამდენადაც მეუფე გრიგოლს ვიცნობ, არასოდეს დაუდასტურებელს არ საუბრობს, ისეთი ბუნების ადამიანია. მე ვისურვებდი, რომ როდესაც ითქვა ასეთი რამ, თუ მან იცის კონკრეტული ადამიანების გვარები და სახელები, უნდა ითქვას კიდეც, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ სპეკულაციას ეყრება საფუძველი და ამასთან ერთად, როდესაც ნახსენებია სამი პირი,“ - აღნიშნა ჟვანიამ.
იგი ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს არსებულ ინფორმაციას, მაგრამ მისი თქმით, გამორიცხულია ვანო ჩხარტიშვილს საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა.
„ვერც დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფ, მაგრამ აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ვანო ჩხარტიშვილი შეიძლება გასულიყო თავისი ორბიტიდან ისე, რომ ასეთი რამ ეთქვა, გადაეწყვიტა და საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა,“ - აცხადებს ის.
მისი განცხადებით, უწმინდესისთვის ასეთი სახის შეთავაზება, წმინდა წერილში ჩაუხედაობა და მისი სრულიად უარყოფაა.
„საერო, სასულიერო თუ სხვა ნებისმიერ სხვა ადამიანი, როდესაც ასეთი რაღაცას ამბობს და სთავაზობს თავის სულიერ მამას, ეს არის თავიდან ბოლომდე წმინდა წერილის უარყოფა და საერთოდ, გაუგებრობაა, წმინდა წერილში ჩაუხედაობა. ასევე, იმის უგულებელყოფა, რაც უწმინდესობას აქვს ღვთისა და ერის წინაშე. პატრიარქის გადადგომა-არგადადგომას, დასვენება-არდასვენებას ღმერთსაც ეკითხებიან ხოლმე, ადამიანების გარდა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.