საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ავღანეთში, ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელშიც 4 ქართველი სამხედროს მონაწილეობა იკვეთება. ობიექტს 3 600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ავღანეთში, საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იკვეთება. მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს. ამერიკული მხარის პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის ქურდობით წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.