(რეზონანსი) ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს თსუ-ს ბაკალავრიატი 3000-მა სტუდენტმა დაამთავრა.
გამოშვების საზეიმო ღონისძიებას, სტუდენტებთან ერთად, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
"ვულოცავ ბაკალავრიატის წლევანდელ კურსდამთავრებულებს, ვულოცავ თითოეულ მათგანს უნივერსიტეტის დამთავრებას. ისინი შეუერთდნენ უნივერსიტეტელების ძალიან დიდ არმიას. 100 წლის განმავლობაში 300 000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა უნივერსიტეტი. ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში და, რაც მთავარია, არასდროს არ დაეკარგოთ კავშირი უნივერსიტეტთან", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
"უნივერსიტეტის დამთავრება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ შემდგომი ცხოვრებისთვის განათლების უკვე პრაქტიკაში გადატანა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს, ვუსურვებ წარმატებას და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.