„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ „ფეისბუკით“ მის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხებოდა, ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. მისივე თქმით, ეს იყო მისი პასუხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის მხრიდან ამ საკითხის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებასა და აზრის გამუდმებულ ცვლაზე.
„რეზონანსთან“ საუბარში ნაკაიძე აცხადებს, რომ შეუძლებელია, რომ ამ საკითხვა ბათუმის მცხოვრებლებს შორის დაძაბოს ურთიერთობა ან რაიმე სახის კონფლიქტი გამოიწვიოს. თუმცა, მისივე თქმით, თუ ასე მოხდა, ამაში დამნაშავე მხოლოდ ხელისუფლება იქნება.
ტარიელ ნაკაიძე: ჩვენ შევიძინეთ მიწის ნაკვეთი 2017 წელს და ამავე დროს, ამავე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გავხსენით მეჩეთი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის #49-ში. მეჩეთს აშენებს „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“, რომელიც დაფუძნებულია ქართველი მუსლიმების მიერ და შესაბამისად, ქართველი მუსლიმების მიერ გაკეთებული შემოწირულობების შედეგად აშენდება აღნიშნული მეჩეთი.
ჩვენ შევიტანეთ პროექტი, რომელზეც გვითხრეს უარი და შემდეგ ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და ველოდებით სასამართლოს. ჩვენ მივყვებით ყველა სამართლებრივ გზას, რათა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოოდ მივაღწევთ მიზანს.
„რეზონანსი“: თუმცა, თავად ბათუმის მოსახლეობაში ახალი მეჩეთის მშენებლობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
ტ.ნ.: რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო იქნება. არ შეიძლება, რომ ყველას აწყობდეს მეჩეთის მშენებლობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჭიროება,რომელიც ქართველ მუსლიმებს აქვთ, არ უნდა შესრულდეს.
აბსოლუტურად ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა დაკმაყოფილდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაითვალისწინოს ერთმანეთის რელიგიური მოთხოვნილებები და არ მივედ-მოვედოთ ისეთ თემებს, თითქოს ქართველი მუსლიმი არის ამ ქვეყნის მოღალატე.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, თითქოს ეს უცხოური ფულით უნდა აშენდეს და ა.შ., ამისათვისაც მზად ვართ, რომ ნებისმიერ ადამიანს მივცეთ ყველაფრის გაგების საშუალება - „მეჩეთის ფონდში“ შექმნილია სპეციალური კომისია, სადაც შესაძლებელია იმის ნახვა, თუ საიდან, ვისგან და როდის შემოდის ეს თანხები.
ვფიქრობ, რომ ეს მეჩეთი გახდა საქართველოს დემოკრატიის განმსაზღვრელი სიმბოლო, რადგან უაზროდ და არასწორად მას ჰყავს მოწინააღმდეგეები და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მეჩეთის აშენებას, უარს მივიღებთ მშენებლობაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩვენ, მუსლიმებს ასე მიგვაჩნია.
„რ“: სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” თქვენ მიერ დაწერილი პოსტი რიჟვაძის გადაწყვეტილების საპასუხოდ ერთგვარი პროვოკაციული ნაბიჯი ხომ არ იყო?
ტ.ნ.: ჩემი პოსტი მოჰყვა ბატონი თავჯდომარის განცხადებებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ერთ დღეს ერთ განცხადებას აკეთებს, ხოლო მეორე დღეს ცვლის. სხვათა შორის, ეს ერთგვარი ექსპერიმენტული დამოკიდებულებაც არის ეს ჩვენი მხრიდან იმიტომ, რომ თუ ჩვენ მივმართავთ რადიკალურ მიმართულებებს, ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემას, რომლის წყაროც იქნება ხელისუფალი.
ეს იყო ძალიან კარგი ექსპერიმენტი იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მუსლიმის რადიკალურ დამოკიდებულებას. შემიძლია დავიტრაბახო იმითაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ქართველი მუსლიმების მართვა და მათი აზრების სწორად გადმოცემა. მაგრამ ასევე ჩვენ შეგვიძლია ის, რაც არის რეალობა.
ნურას უკაცრავად, ჩვენ არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს რელიგიურ გრძნობებზე ითამაშოს, მითუმეტეს ხელისუფლებას.
სხვათა შორის, საზოგადოებასთან არანაირი პრეტენზია არ მქონია და მის წინააღმდეგ არ ყოფილა ეს განცხადება გაკეთებული. ეს ეხებოდა ხელისუფლებას