ელზა პაპოშვილი
30.07.2018

 ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების დახოცვის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. არ არის გამორიცხული, საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე ადამიანის დაკავება მოხდეს. როგორც "მთელ კვირასთან" დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ხელახლა ჩაატარა და ის სწორ კვალზე გავიდა. მისივე თქმით, საქმეში ძალიან ბევრი ახალი გარემოებაა გამოკვეთილი და, ფაქტობრივად, ყოველდღე უწყებიდან სიახლეს ელის.

სარალიძე ამბობს, რომ შსს ყველა მტკიცებულებას, ყველა დეტალს ამოწმებს და მას ამ ეტაპზე დავით სარალიძის მკვლელობის სურათი აღდგენილი აქვს.

საქმეში ასევე ჩნდება ახალი დეტალი, რომელმაც იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, დათუნა სარალიძის სხეულზე ჭრილობები ვინ და რა სახის იარაღით მიაყენა. "მთელ კვირას" სანდო წყარო უყვება, რომ გამოძიება მიხეილ კალანდიას კვალზეა გასული და მათ უკვე აქვთ მტკიცებულებები, რომ მას ხელში ხელნაკეთი ცივი იარაღი - ე.წ. "შტირი" ეკავა, რომლითაც სარალიძეს, სავარაუდოდ, ჭრილობები აქვს მიყენებული.

ასევე, წყაროს ინფორმაციით, არსებობენ საქმეში ახალი მოწმეები, რომლებიც დავით სარალიძის დაჭრის ფაქტის შესახებ სრულიად ახალ დეტალებს ჰყვებიან.

ჩვენი წყაროს ინფორმაცია დავით სარალიძის მამამ არც უარყო და არც დაადასტურა. მისი თქმით, მას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სურს ახალ დეტალებზე საუბარი, თუმცა გვიდასტურებს, რომ საგამოძიებო უწყება კალანდიასთვის ბრალის წაყენებაზე მუშაობს და ის სარალიძის დაჭრაში უშუალოდ მონაწილეობდა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის შსს-ს მუშაობით ძალიან კმაყოფილი და მადლობელია, ისინი დღესა და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ გაფუჭებული საქმის ხელახლა აღდგენა მოხდეს. თუმცა სარალიძე კვლავ უკმაყოფილოა პროკურორების მუშაობით. მისი განცხადებით, ის შეხვდა მთავარ პროკურორს, რომელმაც მისცა პირობა, რომ ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და პროკურორების ყველა მოქმედებას გააკონტროლებს. სარალიძე ამბობს, რომ ახლა მთავარი გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს, რადგანაც გახარიას უწყებამ საქმის ირგვლივ შეუძლებელი შეძლო და სწორ კვალს დაადგა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქმის კურსში მაყენებს. დღეგამოშვებით მივდივარ და ყველა მასალაზე, ყველა მტკიცებულებაზე დეტალურად მესაუბრებიან. მათი თითოეული ნაბიჯი ვიცი. მინდა გითხრათ, რომ შსს და (საპარლამენტო) კომისია ძალიან კარგად მუშაობენ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ორივე ერთ კვალზე დგას.

"კომისიამაც ახალი დეტალები აღმოაჩინა და გამოკვეთა. ვიცი, რაზეც არის საუბარი, მაგრამ გამოძიების დეტალებში არ არის საჭირო, რომ შევიდეთ. სამწუხაროდ, შემდეგ ყველაფერი პროკურატურის გადასაწყვეტია. ვხედავთ, რომ კომისიის სხდომაზე კალანდიასა და სხვებსაც ეს ხალხი კბილებით იცავს.

"პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი არ ვარ, კმაყოფილი ვარ გახარიას უწყებით. მათ ამ მოკლე დროში, რასაც ვუყურებ, შეუძლებელი შეძლეს.

"შსს-ს მიხეილ კალანდია, როგორც მკველლობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ისედაც ჰყავდა, მაგრამ პროკურატურამ წინააღმდეგობა გასწია. ვიცით, რომ კომისიამ მისი დაკავების რეკომენდაცია გასცა, მაგრამ პროკურორებმა თავი გაიგიჟეს - მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები არ გვაქვს, რომ ის დავაკავოთო. დღეს რა პოზიციაზე არიან ახლები, არ ვიცი. მათთან შეხვედრა აღარ მინდა. ველოდები ახალი პროკურორის დაპირებას", -აცხადებს სარალიძე.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, იმ ადამიანების პასუხსიმგებლობის საკითხიც დადგეს, ვინც საქმის ირგვლივ სიმართლე დამალეს და უწყებასთან არ ითანამშრომლეს, მისცეს ცრუ ჩვენებები ან შეცვალეს. სარალიძე ამბობს, რომ ის უწყებიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის, მოხდება თუ არა გამომძიებლების ან სხვა იმ პირების პასუხსიგებაში მიცემა, რომლებსაც საქმის გაყალბებაში ბარლი მიუძღვის, ხოლო თუ მან დაინახა, რომ ამის წინააღმდეგ პროკურატურა კვლავ წავიდა, მაშინ შესაბამის მოქმედებას დაიწყებს.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ დაკავებული დათუნას მეგობარი დ.ღ. ჯერჯერობით კვლავ არ საუბრობს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა, მას იმედი აქვს, რომ ის საუბარს დაიწყებს და მოჰყვება იმ რეალურ სურათს, რაც მას უთხრა და რაც სინამდვილეში ხორავას ქუჩაზე ფარდულში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას 2 დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სარალიძე აცხადებს, რომ ქალაქის პროკურორი შაყულაშვილი და საქმის პროკურორი კაპანაძე სამსახურებიდან კი არ გაუშვეს, არამედ დააწინაურეს. სარალიძე იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე მათ, მინიმუმ, საყვედურს მაინც გამოუცხადებს. ის ასევე ელის, რომ მირზა სუბელიანს ბრალი გადაუკვალიფიცირდება.

საპარლამენტო კომისიის წევრების თქმით, მოზარდების დაკითხვის შედეგად გამოიკვეთა ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც შსს-ს უკვე აცნობეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეპუტატები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა მიხეილ კალანდიას დაკავება მოხდეს.

"ჩვენ კვირების განმავლობაში გვქონდა საშუალება, მიგვეღო და გაგვეანალიზებინა ინფორმაცია. დღეს, როდესაც პრაქტიკულად დავასრულეთ ძირითადი მოწმეების, არასრულწლოვნების დაკითხვა, გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, საკვანძო ახალი გარემოებები. ამის შესახებ მყისიერად ვაწვდით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვიკავებთ თავს შინაარსის გასაჯაროებისგან და ველოდებით შსს-ს. დღეს ვიკავებთ თავს ყველანაირი დეტალის თქმისგან, ვინაიდან ორიენტირებულნი ვართ შედეგზე და მნიშვნელოვანია, შსს-მ სწრაფად მიიღოს ეს ინფორმაცია და შესაბამისად იმოქმედოს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

კომისიის კიდევ ერთი წევრი ირაკლი აბესაძე ასევე აცხადებს, რომ, როგორც აღმოჩნდა, გამოძიებას არ ჰქონდა გადამოწმებული ყველა ვერსია დანაშაულთან დაკავშირებით და ეს კომისიაზე მოწმეების დაკითხვის შემდეგ აშკარად და ნათლად გამოიკვეთა.

"ახლა გვაქვს მტკიცებულებები, რომლებმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია. შსს-მ თვეები დაკარგა იმისთვის, რომ ეს ვერსია გადამოწმებული და დამტკიცებული ან უარყოფილი ჰქონოდა. მათგან ველით ამ ინფორმაციის, ფაქტებისა და გარემოებების გადამოწმებას. ვნახოთ. ფაქტია, რომ ისინი სწორედ იმ კვალს ადგანან, რასაც კომისიის წევრებიც ვიზიარებთ. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ", - აცხადებს აბესაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×