ია აბულაშვილი
30.07.2018

 "დაველოდები პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და შემდეგ მივმართავ ყველა იმ ინსტანციას, სადაც ჩემს უფლებებს დავიცავ. ამისთვის არსებობს სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები და სხვა", - აცხადებს პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე, ვისაც "მთელი კვირა" სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

"მთელი კვირა": საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის განცხადებით, პარტიიდან თქვენი გარიცხვის საკითხზე მსჯელობა, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს პირველსავე სხდომაზე გაიმართება. თქვენ თუ ხართ საქმის კურსში, როდის არის ჩანიშნული პოლიტსაბჭოს სხდომა?

დავით ჭიჭინაძე: რადგან გია ვოლსკი აცხადებს, ალბათ, იგი უფრო არის ინფორმირებული, როდის გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რა დროსაც უნდათ, მაშინ დანიშნონ პოლიტსაბჭოს სხდომა, მე მოთმინებით დაველოდები, არსად მეჩქარება.

"მ.კ.": იმ შემთხვევაში, თუ პოლიტსაბჭომ ძალაში დატოვა პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება, რას აპირებთ, გაასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას?

დ.ჭ.: პარტიიდან ჩემი გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო სამდივნომ და მხოლოდ განცხადება გაავრცელა. ვითვლები თუ არა პარტიიდან გარიცხულად, ამას პოლიტსაბჭოზე გავარკვევ. იმასაც გავარკვევ, როგორ ხდება პარტიაში მიღება და პარტიიდან გარიცხვა, რატომ არ ამომშალეს უმრავლესობის სიიდან.

თუ პოლიტსაბჭო მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას, მაშინ გავასაჩივრებ ყველა ინსტანციაში. ასეთი ბევრია - სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები და სხვა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ უმრავლესობაში უნდა მოიწვიონ სხდომა, რომლის წევრიც ვარ.

"მ.კ.": როგორც უმრავლესობაში აცხადებენ და თავად ვოლსკიც ამბობს, თემებზე კამათი პარტიაში "არათუ ვინმეს დაუშალეს, პირიქით, წახალისებულიცაა, რომ იყოს მწვავე კამათი, მაგრამ როდესაც თემები სცილდება საკითხს და გადადის პიროვნულ შეურაცხყოფაზე, არის წესების დარღვევა, რომელსაც უპასუხა სამდივნომ". ეთანხმებით მათ მოსაზრებას?

დ.ჭ.: ჯერ ერთი, უმრავლესობაში ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს, მე მყავს მხარდამჭერებიც, რომლებიც თვლიან, რომ საკითხი უნდა გაირკვეს პოლიტსაბჭოზე და ასე პარტიიდან ადამიანის გარიცხვა არ ხდება. ვინც ასე ფიქრობს, ის, ალბათ, კომუნისტური პარტიის რიგებიდან არის. მაშინ იყო ასეთი ფორმა მიღებული პარტიაში.

ერთი მაგალითი მაინც დამისახელონ ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც მართლაც მიდის კამათი, არის დაპირისპირება, თუნდაც აშშ-ში, სადაც პრეზიდენტ ტრამპს თავისივე გუნდის წევრები აკრიტიკებენ, სად დაირღვა ამით დემოკრატია, სად შეიქმნა ქვეყნისთვის დესტაბილიზაცია. მითხრან, ახლა რომ გამოდიან ხმამაღალი სიტყვებით ქვეყნის "დემოკრატიის მამები", სად დავარღვიე დემოკრატიის წესები?

"მ.კ.": პარტიიდან თქვენი გარიცხვის თაობაზე თუ შეხვდით თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს?

დ.ჭ.: ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია. პარტიის თავმჯდომარეს იმდენი პრობლემა აქვს, და ეს მისი ინტერვიუდანაც გამოჩნდა, რომ ერთი დეპუტატის გარიცხვა-არგარიცვის თაობაზე დროს ვერ დაკარგავს. არც მე ვთვლი თავს იმ პერსონად, რომ აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი უნდა დაინტერესდეს ჩემი პრობლემებით.

"მ.კ.": იმ შემთხვევაში, თუ მოგიწიათ უმრავლეობის დატოვება, რომელიმე სხვა პარტიაში ხომ არ გააგრძელებთ პოლიტიკურ მოღვაწეობას?

დ.ჭ.: არც ერთ პარტიაში არ ვაპირებ გადასვლას. მე უმრავლესობიდან ვერავინ გამრიცხავს, ვრჩები პარლამენტში და დეპუტატის რანგში ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ის დანაპირები, რომელიც "ოცნებამ" 2012 წლიდან მოყოლებული ამომრჩეველს მისცა, ვთლვი, რომ ბოლომდე უნდა შესრულდეს. მე, სხვებისგან განსხვავებით, პასუხს ვაგებ ჩემს დანაპირებზე, რომელიც ამომრჩეველს მივეცი.

არც "ოცნების" რიგების დატოვებაა ადვილი. "ოცნების" წევრობისთვის უნდა იბრძოლო და მე ამ ბრძოლას ვაგრძელებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×