ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დიდ სკანდალში გაეხვნენ. საქმე ეხება ქურდობის ფაქტს, რომელიც, სავარაუდოდ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა ჩადენილი. ამერიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო და 4 ქართველი ჯარისკაცის დაკითხვა მოხდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილნი არიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციიდან მასალებს ამ დრომდე ელოდებიან, რადგანაც "მთელ კვირას" სამინისტროში განუცხადეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ მათ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და ამერიკული მხარისაგან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.
თუმცა ქართველი ჯარისკაცების დაკითხვაზე დაბარებას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი კახა ტაბატაძე "კურიერთან" ადასტურებს. მისი თქმით, ქართველი სამხედროები გამოკითხვაზე ნამდვილად იმყოფებოდნენ.
ტაბატაძის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტებსა და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სადაც სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად, ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზეა საუბარი.
"პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობის ფაქტებსა და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალში იკვეთება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და, მათ შორის, 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივად იმყოფებიან ბაზაზე, არავინ არ არის დაკავებული, ჩვეულებრივად აგრძელებენ სამსახურს. მე კონტაქტი არ მქონია უშუალოდ, პირადად. ისინი იმყოფებოდნენ პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე", - განაცხადა ტაბატაძემ.
პოლკოვნიკი აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ საქმეში თუ ქართველების ბრალეულობაც გამოიკვეთება, მაშინ 4 ჯარისკაცს საქართველოში დააბრუნებენ.
პოლკოვნიკი ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი საკმაოდ მძიმე აღსაქმელია, თუმცა ქართველების რაიმე სახით ამ ქურდობაში მონაწილეობა ჯერჯერობით არ იკვეთება. მიმდინარეობს გამოძიება და ქართული მხარე გამოძიების დასრულებისა და მისი შედეგების მიხედვით იხელმძღვანელებს.
"მთელი კვირა" ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მყოფ იმ ერთ-ერთ ქართველ ჯარისკაც გაესაუბრა, ვინც ქართველი ჯარისკაცების ამ სკანდალში გახვევას ადასტურებს. მისი თმით, საქმე სამხედრო ბაზაზე მდებარე მაღაზიების ძარცვას ეხება, სადაც როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი და სხვა ქვეყნის ჯარისკაცები საკვებსა და სხვადასხვა საჭირო ნივთს ყიდულობენ. მისი თქმით, სამხედრო ბაზა საკმაოდ დიდია, სადაც შესვლაც და გამოსვლაც მხოლოდ ჯარისკაცებს შეუძლიათ და იქ ადგილობრივები ვერ შედიან.
ეს არის საკმაოდ დახურული და მკაცრად კონტროლირებადი ტერიტორია, რომელიც ასევე კამერებითა და სათვალთვალო მოწყობილობებით კონტროლდება. ქართველი სამხედრო ამბობს, რომ ქურდობის ფაქტი არაერთხელ მომხდარა და ეს მაღაზიების ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის.
თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაძარცვი ნივთები ქართველებს აღმოუჩინეს, ჯარისკაცი არ ადასტურებს. მისი განცხადებით, ქართველები მეგობრობენ იმ უცხოელ ჯარისკაცებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ქურდობაში ეჭვმიტანილნი არიან.
"ბაგრამის სამხედრო ბაზა საკმაოდ დიდია. აქ ქართველების გარდა სხვა, ნატო-ს წევრი რამდენიმე ქვეყნის ჯარისკაცები არიან. ამ ქურდობაში ეჭვმიტანილნი, როგორც ჩვენ ვიცით, ქართველები არ არიან, ისინი უბრალოდ დაკითხეს, ხომ არ იცოდნენ ამ ძარცვის შესახებ რაიმე.
"არავინ არაა არც დაკავებული და აქ არც იმაზეა საუბარი, რომ ისინი რამეს იპარავდნენ. ყველგან კამერებია აქ დამონტაჟებული. ყველა ჩვენი მოქმედება კონტროლდება. წარმოუდგენელია, რომ მათ თუ რამე მოიპარეს, ასე ადვილად დაემალათ.
"ჩვენ როგორც ვიცით, სავაჭრო ობიექტები რამდენჯერმე გაიძარცვა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი. ეს 4 ჯარისკაცი იმიტომ დაკითხეს, რომ ამ უცხოელებთან მეგობრობენ. რამე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდათ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, აქამდე არავინ გაჩუმდებოდა.
"არავითარი ნაძარცვი ნივთების აღმოჩენა, არც ყაზარმების ჩხრეკა არ მომხდარა, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხეს, ხომ არაფერი იცოდნენ", - აცხადებს "მთელ კვირასთან" სააუბარში ბაგრამის ბაზაზე მყოფი ჯარისკაცი.
"კურიერის" ინფორმაციით, ბაგრამის სამხედრო ბაზიდან ქართველებმა ნივთები მოიპარეს, რომლებიც ყაზარმის ჩხრეკის დროს აღმუჩინეს. მათ ნივთების ნაწილი ქაბულის ბაზარზე გაყიდული ჰქონდათ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს ქართველების ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის და ამერიკის სამხედრო პოლიციამ მათ ქმედებაზე თვალი არაერთხელ დახუჭა, თუმცა მათ ქურდობა არ შეწყვიტეს, რის გამოც ამერიკელებმა ქართველების სათანადო დასჯა გადაწყვიტეს.