
2018 წლის აპრილის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 48 624 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 16 294 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.5%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2018 წლის აპრილის მონაცემებით, 1 659 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აღნიშნულ მონაცემს ყოველი წლის აპრილის და ნოემბრის მიხედვით ინახავს. გასული წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ აპრილის მონაცემები, ნოემბერში თითქმის ყოველთვის იზრდება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ 2018 წლის ნოემბერში კიდევ უფრო გაზრდილი იქნება მონაცემები.
რაც შეეხება გასულ წლებს, 2016 წლის ნოემბერში 37 021 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავდა, ხოლო 2017 წლის ნოემბერში – 45 181.
აღსანიშნავია სახელმწიფო სტიპენდიების საკითხიც, 2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოთ გამოყოფილი თანხის რაოდენობა. მაგალითად, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, სტიპენდიებისკენ მიმართული სახსრები, დაახლოებით, 1 მლნ 400 ათასი ლარით შემცირდა.