საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ დიდ გასაჭირშია. თუკი გასულ წლებში საწარმოები ფორმალურად მაინც იხსნებოდა, ახლა ეს ე.წ. ქაღალდის ფირმებიც კი მცირდება, რაც უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა.
ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.2%-ით არის შემცირებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამეწარმეო სფეროში რისკი გაზრდილია, რის გამოც ახლად დარეგისტრირებული საწარმოების კლება შეიმჩნევა.
"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ივნისში 3 971 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 5 932,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 10,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საწარმოების შემცირება არ არის საგანგაშო, თუკი სამომავლოდ ხარისხობრივი პარამეტრები გაუმჯობესდება. ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად არჩვაძე მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ დაწესებულ შეღავათს მიიჩნევს.
"რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ახლად გახსნილ საწარმოთა რიცხვი იზრდებოდეს, თუმცა ეს პროცესი შეუძლებელია, უსასრულო იყოს, რადგან ჩვენ შეზღუდული რაოდენობის მოსახლეობა გვყავს. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება არა მარტო ახალ საწარმოებში, არამედ ზრდა შეიძლება მოხდეს ადრე ამოქმედებული კომპანიების ხარჯზეც. ეს ნიშნავს, რომ მათ მეტი შეკვეთები აქვთ, მეტი დატვირთვა აქვთ, ბაზარზე უფრო ინტენსიურად გადიან და მეტი სამუშაო ძალა სჭირდებათ.
რაოდენობრივი დინამიკის ნაცვლად, უფრო აქტუალური უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის როლი ეკონომიკაში, მათი პროფილი და პერსპექტივები. მიღებულია გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, დაბეგვრის მაჩვენებელი 5%-დან 1%-მდე ჩამოდის, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ცხადია, ამით მოტივაცია გაიზრდება", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" არჩვაძე და დასძენს, რომ ახალმა საგადასახადო რეგულირებამ დიდი სტიმული უნდა მისცეს ბიზნესს, რომ ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდეს.
"არსებობს კიდევ ერთი ასპექტი, რაც გასათვალისწინებელია: ჩვენთან მცირე ბიზნესი მარტივ, რუტინულ შრომას უკავშირდება, ბოლო დრომდე ასე იყო, დიდ ქვეყნებში კი, მათ შორის აშშ-ში, მცირე ბიზნესის როლი მაღალია ქვეყნის ეკონომიკაში.
ამიტომ ჩვენი ამოცანა უახლოეს პერიოდში უნდა იყოს არა საწარმოების ზრდა (ესეც არ უნდა გამოირიცხოს), არამედ სიმძიმის ცენტრის გადატანა ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებაზე. სასურველია, მეტი შეღავათი მიეცეს ინოვაციური საქმიანობით დაკავებულ ბიზნესს და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ", - აცხადებს არჩვაძე.
ეკონომისტები საწარმოთა შემცირებას ეკონომიკაში არსებულ პრობლემას უკავშირებენ. ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე ფიქრობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს სერიოზული პრობლემა აქვს.
მისი თქმით, თავისთავად არც ის არის კარგი, რომ ქვეყანაში ახალგახსნილ საწარმოთა რაოდენობა მუდმივად მატულობდეს, მაგრამ რაც დღეს ხდება, საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმის მაჩვენებელია.
"წინა ხელისუფლების დროს იყო უამრავი მაგალითი, როცა ზედიზედ ახალ ით, კონკრეტულად რა საწარმოების შემოსავალი შემცირდა და რეალურად რა პრობლემა აქვთ. შეფასება ნაადრევია საწარმოთა ბრუნვის ზრდის დინამიკაზეც.
ჩემი აზრით, მდგომარეობა გაუარესებული არ არის, მაგრამ არც გაუმჯობესებაა. აშკარაა, რომ საქმე წინ არ წავიდა, როცა შეიძლებოდა, ნორმალური შედეგი გვქონოდა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ღაღანიძე.
მისი თქმით, საწარმოებში ბრუნვის ზრდა ინფლაციურ პროცესს უკავშირდება და დადებით ტენდენციას არ ასახავს.
"მთავრობა გვეუბნება, რომ კარგის გაკეთება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. როცა კარგს ვერ აკეთებენ, უარესთან ხდება შედარება. ელემენტარულად, მშპ მარტო მოლდოვასა და სომხეთთან შედარებით გვაქვს მეტი, ვგულისხმობ ევროპულ ქვეყნებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება თავს იმშვიდებს იმით, რომ რეგიონში ვიღაცასთან შედარებით ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. ბევრად უკეთესი იქნებოდა, პრობლემა დაენახათ და პოზიციების გასაუმჯობესებლად ებრძოლათ, რასაც რატომღაც ვერ ვხედავ.
ის, რომ საწარმოთა ბრუნვა გაზრდილია, ინფლაციურ პროცესებზე მიგვანიშნებს და თავმოსაწონად არ გამოადგებათ. ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში სერიოზულად უჭირს. პოზიტივზე მხოლოდ ხელისუფლება საუბრობს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი ღაღანიძემ.