"ლარი 2.49-დან 2.53-მდე იმერყევებს და იმედია, ამას დავჯერდებით"
ანი მაღრაძე
31.07.2018

 ლართან დაკავშირებით საშემოდგომო მოლოდინი ბუნდოვანია. საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ტენდენციები პროგნოზის გაკეთების საშუალებას თითქმის არ იძლევა, ხოლო სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ლარის კურსზე მოლოდინის შექმნა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, რათა უფრო მეტად შეეწყოს ხელი ბიზნესგარემოს განვითარებას. ფინანსისტები ლარის კურსის პერსპექტივაზე საუბრისას და აცხადებენ, რომ შემოდგომაზე კურსი 2.50-იან ნიშნულს გადასცდება.

ეროვნულ ბანკში პირდაპირ ამბობენ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ვერანაირ მოლოდინს ვერ შექმნიან, სპეციალისტების მიერ შექმნილი პროგნოზი კი არაკვალიფიციურია და მასზე დაყრდნობა შეუძლებელია. გვენეტაძის უწყებაში ამბობენ, რომ თუ რა კურსი იქნება შემოდგომაზე, ამაზე ახლა საუბარი შეუძლებელია და ინფორმაცია სებ-ს არ გააჩნია.

შედარებით კონკრეტულ პროგნოზს აკეთებენ სპეციალისტები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, კომპანია "ფინექსი 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა დიდი ხანია, მოიხსნა პასუხისმგებლობა ლარის კურზე, რაც მას მართებულად არ მიაჩნია. ასეთი გაურკვეველი სიტუაციის გამო, ხელი ეშლება ბიზნესგარემოს განვითარებას. შენგელიას პროგნოზით, შემოდგომის მიწურულამდე ლარი 2.53-იან ნიშნულს მიაღწევს.

"ეროვნულმა ბანკმა დიდი ხანია, მოიხსნა პასუხისმგებლობა ლარის კურზე, იგი ერიდება ყველანაირი ინფორმაციის გამჟღავნებას. კურსის ჩამოყალიბებაში, ძირითადად, ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი მონაწილეობს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მაშინ, როდესაც ახალმა პრემიერმა თითი დაუქნია ბანკებს.

უნდა ველოდოთ ლარის კურსის გაუფასურებას შემოდგომაზე, რომელიც იქნება 2.49-2.53-ის ფარგლებში. ამას ნამდვილად ველოდებით და იმედია, ამ დიაპაზონს დავჯერდებით და მეტი არ იქნება შემოდგომის მიწურულს.

ის, რომ ეროვნული ბანკი პროგნოზს არ მიიჩნევს საჭიროდ, არაკვალიფიციურია. რაც ხდება "ბლუმბერგის" დახურულ სისტემაში, აუცილებელია, გამოვიდეთ გარეთ და გარკვეული იყოს, ვინ რა ლოტებით ვაჭრობს. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე. ასეთი ინფორმირებულობის ფონზე ბიზნესსაც თამამად დაიწყებს ადამიანი, როდესაც ეცოდინება, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს თუნდაც ერთი თვის შუალედში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ.

ზოგადად ფასებსა და ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე მთავარი პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია. მისი თქმით, მოლოდინის შექმნა და მოსახლეობისთვის პროგნოზის მიწოდება, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, აუცილებელია და ეს სებ-ის პრეროგატივაა, რომელსაც თავი არ უნდა აარიდონ. რაც შეეხება ბიზნესს, მისთვის მთავარი ბაზრის პროგნოზირებაა.

"ქვეყანაში არასტაბილური ბაზარი გვაქვს, ისეთი არაპროგნოზირებადი, რომ ეროვნულ ბანკსაც კი უჭირს პროგნოზის გაკეთება, არათუ ცალკეულ ექსპერტებს და კვლევით ორგანიზაციებს. ეროვნული ბანკის საიტზე არის გაცხადებული, რომ მათი საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეკონომიკა მეტწილად არის დოლარიზებული და უცხოური ვალუტა გავლენას ახდენს ქვეყანაში ფასებზე, სწორედაც რომ პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი ამ პროცესებზე.

მოლოდინის შექმნა და მოსახლეობისთვის პროგნოზის მიწოდება (იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი) სწორედ მათი პასუხისმგებლობაა და ამ ვალდებულებას არ უნდა გაექცნენ. ბიზნესისთვის მთავარია ბაზრის პროგნოზირება. თუ არ ეცოდინებათ, მომდევნო პერიოდში ლარის კურსი როგორი იქნება და ბაზარზე რა გავლენას მოახდენს, ცხადია, ასეთი პირობებში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და რაღაც ძვრებზე ვერ ვისაუბრებთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მაკალათიამ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ მიხეილ თოქმაზიშვილს მიაჩნია, რომ კურსის პროგნოზირება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან ფრთხილობს, როდესაც აცხადებს, რომ მოლოდინს ვერ შექმნის. მას შემდეგ, რაც უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდება ან გაიზრდება საიმპორტო პროდუქციის რაოდენობა, ამან შეიძლება, გარკვეული ზეგავლება მოახდინოს ლარის კურსზე.

"კურსის პროგნოზირება საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული და როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან ფრთხილობს, როდესაც აცხადებს, რომ თუნდაც ერთი თვის მერე არ ეცოდინებათ, რა იქნება სავალუტო ბაზარზე. დღეს მშპ-ის საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი გვაქვს. ამ მაჩვენებელს თუ გავითვალისწინებთ, ეკონომიკა საკმაოდ კარგად გამოიყურება. სწორედ ამან დაასტაბილურა კურსი იმ მაჩვენებელზე, რაზეც დღესაა, თუმცა მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება, რადგან ეკონომიკა მაინც ხშირი რყევით ხასიათდება.

მას შემდეგ, რაც უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდება ან გაიზრდება საიმპორტო პროდუქციის რაოდენობა, ამან შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ლარის კურსზე. ამის თქმა, თუ როდის დაიწყება ბაზარზე რყევა, საკმაოდ რთულია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თოქმაზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×