"მარგველაშვილი კი ამბობს, მე მელოდებიან, როდის დავასახელებ საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებშიო, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონ ელოდება ხელისუფლებას, როდის დაასახელებს თავის რჩეულს.
"სხვა ახსნას, რატომ აჭიანურებს მარგველაშვილი არჩევნების თარიღის დანიშვნას, ვერ ვხედავ", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებთი გაესაუბრა.
"რეზონანსი": თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ, საპრეზიდენტო კანდიდატი თავისი რიგებიდან არ დააყენოს და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს, თავსატეხი გაუჩინა მის გუნდს, რომელსაც ისედაც უჭირდა კანდიდატის პოვნა და ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი იყრიდა კენჭს ამ არჩევნებზე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ვახტანგ ძაბირაძე: არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი კანდიდატურა დააყენოს ამ არჩევნებში, არ არის. ნებისმიერი კანდიდატი, თუ გნებავთ, სრულიად უცნობიც კი, რომელსაც მმართველი გუნდი დაასახელებს, ამ ფონზე აუცილებლად გაიმარჯვებს. საკითხავია, იქნება თუ არა მეორე ტური.
ივანიშვილის პრეზიდენტობითაც არანაირი ცვლილება არ მოხდება. თუ ივანიშვილს რეალურად უნდა, რაიმე გააკეთოს, გარდა დენდროლოგიური პარკისა და ქალაქის ცენტრში მშენებლობისა, მაშინ მას უნდა დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის სავარძელი და არა - პარტიის თავმჯდომარის ან თუნდაც - პრეზიდენტის.
"რ": მაშინ რა მიზანს ემსახურება ინიციატივა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი?
ვ.ძ: დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერა, ეს არის უფრო გარე მოხმარებისთვის და პიარის ნაწილი. თუ პარტია ფინანსურად მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, არჩევნების დროს ეყოლება თავისი დამკვირვებლები უბნებზე, ცესკო-ში, მეტი რა არის მხარდაჭერა, მითხარით, ეს კანდიდატი მაინც ხომ მმართველ გუნდთან იქნება ასოცირებული?
ამიტომ არის ეს ფორმალობა. იმ შემხთვევაში, თუ მმართველი გუნდი, რეალურად არ ჩაერევა ამ არჩევნებში, შეიძლება, ცოტათი საინტერესო გამოვიდეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
ანუ, თუ "ოცნება" რეალურად იტყვის უარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოებაზე, მაშინ ეს საზოგადოებაში გააჩენს ინტერესს, თავისუფალი არჩევანის საშუალებას და შეიძლება, გახდეს იმის საფუძველიც, რომ ქვეყანაში შეიქმნას მიზიდულობის ცენტრი.
"რ": ეს მიზიდულობის ცენტრი უსუფაშვილი-მარგველაშვილის ალიანსი ხომ არ იქნება? როგორც ამბობენ, დღე-დღეზე ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და მოილაპარაკებენ, როგორ და რა ფორმით წარსდგებიან ამ არჩევნებში. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ უსუფაშვილი-მარგველაშვილის ტანდემთან დაკავშირებით?
ვ.ძ: თუ მათ უნდათ, რომ იყვნენ პოლიტიკაში, უნდათ ეყოთ გონიერება, რომ ამ ეტაპზე შეძლონ არათუ დალაპარაკება, არამედ - მოლაპარაკება. მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ამ არჩევნებში მონაწილეობა კი არა, ისეთი პოლიტიკური ძალის შექმნა უნდა იყოს, რომელიც რეალურად იბრძოლებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის.
მათ შეიძლება შემოიკრიბონ ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ასოცირებული არ იყვნენ არც "ნაცმოძრაობასთან" და არც "ოცნებასთან".
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს, ამ არჩევნებში რომელი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან მარგველაშვილი-უსუფაშვილის შეთანხმება უნდა იყოს სტრატეგიული. ანუ ორივემ გვერდზე უნდა გადადოს ამბიციები და მიაღწიოს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ სტრატეგიულ შეთანხმებას.
"რ": საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელების გაჭიანურებაზე საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე საუბრობენ. თქვენი აზრით, მაინც რატომ აჭიანურებს მარგველაშვილი, დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი?
ვ.ძ: მარგველაშვილი კი ამბობს, "ოცნება" მე მელოდება, დავასახელებ თუ არა ჩემს კანდიდატურას ამ არჩევნებშიო, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალურად, მარგველაშვილი ელოდება, როდის დაასახელებს მმართველი გუნდი თავის რჩეულს. სხვა ახსნას საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ვერ ვხედავ.
ისე, დრო მართლაც იკარგება, პარტიებსა და მათ კანდიდატებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც ორგანიზაციულ საკითხებთან, ასევე საარჩევნო კამპანიის წარმართვასთან.