მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია, "ოცნება" სექტემბერში "სასწრაფოდ" შემზღუდავი რეგულაციების შემოტანას გეგმავს
ეკატერინე ბასილაია
31.07.2018

 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა - 500-ლარიანი ჯარიმა გაუქმდა. საუბარია მარიხუანას მხოლოდ მოხმარებაზე და არა - გაყიდვასა და კულტივაციაზე. ასევე უქმდება ჯარიმა 70 გრამის ქვემოთ პირადი მოხმარებისთვის კანაფის ფლობაზეც.

ერთადერთი შეზღუდვა რჩება, რომ მოხმარებისას ზიანი არ უნდა მიადგეს მესამე პირის ჯანმრთელობას, რაც ნიშნავს, რომ შენობაში და ბავშვებთან მისი მოწევა აკრძალულია, თუმცა მოწევა შესაძლებელია პარკებსა და სკვერებშიც ბავშვებისგან მოშორებით.

სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამო საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე გადაწყვეტილია, რომ სასწრაფოდ, საშემოდგომო სესიაზე მიიღონ ნარკოტიკების შესახებ კანონში ცვლილებები და მკაცრი რეგულაციები შემოიღონ მარიხუანას მოხმარებაზე".

როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, უნდა გამკაცრდეს ის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სტადიონებსა თუ პარკებში, სადაც ამ გადაწყვეტილებით მარიხუანას მოწევა შესაძლებელია, აიკრძალოს მოხმარება და ასევე აიკრძალოს 21 წლამდე მოზარდებისთვისაც.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში რისი გამკაცრებაც შეგვიძლია მოხმარებაზე, გავამკაცრებთ.

დამტკიცებულია, რომ არასრულწლოვან ასაკში მარიხუანას რეგულარული მოწევა 7-8-ჯერ ზრდის გონებრივი განვითარების შეფერხების რისკს.

ამიტომ ჩვენ 18 წლამდე კი არა, 21 წლამდე უნდა ავკრძალოთ მარიხუანას მოხმარება იმ ახალი კანონმდებლობით, რომელსაც სექტემბერში აუცილებლად დაუყოვნებლივ მივიღებთ.

ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო უარს არ იტყვის და ვერ გააუქმებს, რადგან ამ შემთხვევაში სწორედ ის ნორმა იმოქმედებს, რაც მათივე გადაწყვეტილებაში იყო ნახსენები, რაც ეხება - "თუ არ უქმნის ეს მესამე პირს საფრთხეს".

გარდა ამისა, რამე სანქციით დასჯადი ისევ იქნება თუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავთ საჭეს ან იმ პროფესიის წარმომადგენელი ხართ, რომელსაც ადამიანის სიცოცხლესთან ან ჯანმრთელობასთან აქვს საქმე, ექიმი იქნება, მასწავლებელი, მემანქანე, მფრინავი თუ მთელი რიგი პროფესიებია, რომლებზეც აკრძალული უნდა დარჩეს.

რეკლამა, კულტივირება, არასრულწლოვნისთვის ხელის შეწყობა - ყველაფერი ეს დასჯადი უნდა გახდეს სასწრაფოდ და შესაბამისი ნორმები უნდა შევიმუშაოთ ერთიანი ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია", - "რეზონანსთან" განაცხადა ზოიძემ.

ამ სარჩელის ავტორები იყვნენ მოძრაობა "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ეს არის ისტორიული და მისალოცი ამბავი - მარიხუანას მოწევის გამო ადამიანებს ვერ დაიჭერენ.

"საქართველო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. ე.ი. ადამიანებს ამ ქვეყანაში ვეღარ დასჯიან, ვეღარ სჯიდნენ სისხლის სამართლით და ვეღარ დასჯიან ვეღარც ადმინისტრაციულად", - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ჯაფარიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა, თუმცა გარკვეული გამონაკლისი გათვალისწინებულია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების ფაქტი საფრთხეებს ქმნის მესამე პირებისთვის.

"მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის.

"მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ." - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ცნობისათვის, ისევ "გირჩის" სარჩელით მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა 2017 წლის 30 ნოემბერს. 30 ნოემბრის შემდეგ მარიხუანას მოწევის გამო პატიმრობა ჯარიმით შეიცვალა და მომხმარებელი 500 ლარით ჯარიმდებოდა. ასევე გასულ წელს პატიმრობა გაუქმდა 70 გრამამდე მარიხუანას ფლობისთვის და 151 გრამამდე მარიხუანას კულტივიზაციისთვის.

გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ჯარიმებიც უქმდება და როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აკაკი ზოიძე აცხადებს, დღეს საკანონმდებლო ვაკუუმია, რისი გამოსწორებაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სექტემბერში.

აკაკი ზოიძე: "საკანონმდებლო ვაკუუმი მივიღეთ. შესყიდვა-შენახვა-კულტივირება კვლავ რჩება ჯარიმით დასჯადი, ხოლო გარკვეული ოდენობის ზემოთ - საპატიმროთი დასჯადი. ჯარიმა გაუქმდა 70 გრ-მდე პოვნისთვის, მაგრამ სხვა ალტერნატიული სანქციები არ არის. დღეს სკვერში მოწევისას მარიხუანას კონფისკაციას გააკეთებენ, მაგრამ ვერ დააჯარიმებენ.

საკანონდებლო ვაკუუმია, აღარ არსებობს სანქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ დაუყოვნებლივ კანონი, რომლითაც მკაცრ რეგლამენტაციას გავუწევთ იმას, რომ პრობლემები აღმოიფხვრას და კანაფის მოწევის რეგლამენტაცია, გამკაცრება მოხდეს".

ზოიძის თქმით, ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, მაგრამ ის, რომ ეს არის სრულად მისაღები და უსაფრთხო და პოპულარიზაცია გავაკეთოთ ამ პროცესისა, მიუღებელია.

"ჩემი გზავნილი იქნება, რომ ყველა ნარკოტიკი მავნებელია და საერთოდ ნუ მოვწევთ ნურც მარიხუანას, ნურც თამბაქოს და ზომიერად მოვიხმაროთ ალკოჰოლი, ქართული სოციალური ტრადიციების ფარგლებში.

"მე, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოვუწოდებდი, სხვა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციაზე მიეღო გადაწყვეტილება, ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით და რომელიც უფრო დიდი პრობლემაა ამ ქვეყნისთვის. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. მარიხუანაზე საკმარისი იყო საპატიმრო სასჯელის გაუქმება. ჩვენ სექტემბერში აუცილებლად მივიღებთ რაღაც მოდელს.

"გასაღებაზე შეთანხმებული ვართ, რომ გამკაცრდება სასჯელი, ასევე სააფთიაქო ნარკომანია გაუტოლდება ნარკოდანაშაულს. რაც შეეხება მარიხუანას გაყიდვაზე სანქციის გამკაცრებას, ეს იქნება საპატიმრო თუ ადმინისტრაციული, ამაზე დამატებით ვიმსჯელებთ", - დასძენს ზოიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×