რეზონანსი
31.07.2018

 29 ივლისს, ტაჯიკეთში, პამირის მთებში, ავღანეთის საზღვართან ახლოს, ავტომობილი ველოტურისტებს შეეჯახა, რის შედეგადაც ველოტურისტთა შვიდკაციანი ჯგუფიდან ოთხი - ორი ამერიკელი, შვეიცარელი და ნიდერლანდელი, დაიღუპა. ორი - შვეიცარელი და ნიდერლანდელი, მძიმედ დაშავდა და გადარჩა მხოლოდ ერთი, ფრანგი ველოტურისტი, რომელიც ჯგუფს ჩამორჩენილი იყო და მათგან მოშორებით იმყოფებოდა.

თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ მოხდა უბედური შემთხვევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა მომხდარის შემსწრე ერთ-ერთი პიროვნების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ეჯახება ავტომობილი ველოსიპედისტებს, შემდეგ მოტრიალდება და კვლავ გადაუვლის მათ, ავტომობილიდან მგზავრები გადმოდიან და დანებით და ცეცხლსასროლი იარაღით უსწორდებიან ველოსიპედისტებს, ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა წინასწარ განზრახვით ჩადენილი დანაშაულის შესახებ გააკეთა განცხადება.

მინისტრის თქმით, დაუყოვნებლივ გადაიკეტა გზები და დაიწყო ყველა მანქანის, საგულდაგულო შემოწმება. მალევე, დანგარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მიაგნეს ქ, ნურეკის მცხოვრებ 21 წლის ჯაფარიდინ იუსუპოვის Daewoo Leganza-ს მარკის ავტომობილს, რომელზე არსებული დაზიანებებიც მის შეჯახებაში მონაწილეობაზე მიუთითებდა. პოლიციის ცნობის თანახმად, დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მათ და პოლიციამ ერთი მათგანი ადგილზე მოკლა, ერთი დააკავეს, სამმა კი მიმალვა მოახერხა. ორშაბათს, დღისით, პოლიციამ სამი დამნაშავის ლიკვიდაციის შესახებ გააკეთა განცხადება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×