პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საპრეზიდენტო არჩევნებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებზე საუბრობს. მისი აზრით, ელისაშვილს შანსები აუცილებლად ექნება:
"ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არის დამოუკიდებელი კანდიდატი და მას აქვს ის ხიბლი, რასაც მართლაც ჰქვია უპარტიო, ზეპარტიული კანდიდატი და ის ნამდვილად იქნება ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი. ჩვენ ვნახეთ, თბილისის მერის არჩევნებში როგორ უკან მოიტოვა ყველა და როგორი მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აიღო. თბილისის არჩევნებში, კალაძის წინააღმდეგ, უზარმაზარი პარტიული რესურსის წინააღმდეგ იმ შედეგის დადება, რაც ელისაშვილმა მაშინ დადო, არ იყო პატარა ამბავი. ამიტომ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე მის განაცხადს ველოდი.
ნაციონალური მოძრაობა 15%-ს ყველა შემთხვევაში აიღებს. 27% -იანი “ქართული ოცნება” თუ გაჩერდება, სხვები რა შედეგს დადებენ, ხომ არ არის რთული გამოსაცნობი?! ამიტომ ვამბობ, რომ სიურპრიზებით სავსე არჩევნები გველოდება. ამ პასიანსში ძალიან აჭრილია კარტები" - განუცხადა "ახალ თაობას" საყვარელიძემ.