ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პრაიმშოუში" საბჭოეთის პერიოდის გოგონათა ვოკალურ-ინტსრუმენტული ანსამბლ „მზიურის" სიმღერა გავიდა, სახელწოდებით „ანტოშკა," რომელსაც „ფეისბუქში" დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საზოგადოების ძირითადი ნაწილი უარყოფითად განეწყო ამ შესრულების მიმართ, რაც „ფეისბუქის" კომენტარებში აისახა. როგორ ხსნის ამ ფაქტს და ნეგატიური დამოკიდებულება რამ გამოიწვია, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ქართველ მსახიობს, მომღერალსა და „მზიურის" ყოფილ წევრს ეკა კახიანს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ანსამბლს საზოგადოება არაპატრიოტულ ქმედებაში ადანაშაულებს და მისი თქმით, ეს „უბრალოდ ნოსტალგია" იყო, რომელსაც ეს თაობა ვერ გაიგებს.
„ბოლო პერიოდში ამ სიმღერებით ჩვენ ძალიან ბევრჯერ გამოვსულვართ, თან წითელი ყელსახვევებიც გვეკეთა. ჩვენ ბრალს გვდებენ, რომ არ ვართ პატრიოტები და ვიღაცის დაკვეთით მოხდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია ამაზე ლაპარაკი.
„ეს ის თაობაა, რომელმაც არ იცის „მზიური" რა არის და მე არც ჩავთვალე საჭიროდ რამე მეპასუხა, რადგან აზრი არ აქვს. ეს არის ჩვენი უბედნიერესი და განსაკუთრებული ბავშვობის გახსენებაა. არც ნოსტალგიაა, უბრალოდ გახსენება ჰქვია ამას, მეტი არაფერი," - აღნიშნა მან.
კახიანის განცხადებით, „მზიურმა" ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და მისი თქმით, რაღაც კამპანიაა აგორებული „მზიურის" წინააღმდეგ.
„ახლა რომ დავიწყო იმაზე ლაპარაკი მზიურს თუ რა გაუკეთებია საბჭოთა პერიოდში... მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობდით და ათი წლის ბავშვებს წარგვადგენდნენ, როგორც საბჭოთა კავშირი და ეგონათ, რომ რუსეთი ვიყავით.
„რამდენს ვცდილობდით მიგვეხვედრებინა, რომ ეს არ არის რუსეთი და არის საქართველო. ვყვებოდით საქათველოს ისტორიას; მზიურმა საქართველოს სახელი გაუთქვა. მაშინ არავინ იცოდა რა იყო საქართველო და რა ქვეყანა იყო საერთოდ. იმის დაბრალება, რომ ჩვენ პატრიოტები არ ვართ, არ გვიყვარს სამშობლო, ფაშისტები ვართ და ამიტომაც გვიკეთია ეს ყელსახვევები, ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ მინდა. ამხელა კამპანია აგორდა "მზიურის" წინააღმდეგ, მგონია, რომ ეს დაკვეთითაა," - განაცხადა მან.
მისი თქმით, გადაცემის ამ კონკრეტულ ნაწილს „გაქცევა საბჭოთა კავშირიდან" ეწოდა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს ბოლომდე არც უნახავს და ამ რეჟიმიდან გაქცევა თავად მათაც სურდათ, რადგან ეს იდოლოგია ხალხს სხვების მიმართ ცუდ განწყობას უქმნიდა.
„გადაცემა ბოლომდე არც უნახავთ; ამ ნაწილს ჰქვია „გაქცევა საბჭოთა კავშირიდან." ამისთვის კი მათ არ მოუსმენიათ. ჩვენ არ გვინდოდა ის რეჟიმი და მე გადაცემაში აღვნიშნე, სწორედ ჩვენ ვიყავით დასტრესილი იმ მხრივ, რომ ყოველი ჩვენი ყოველი გასტროლი იწყებოდა, გვიბარებდნენ კომკავშირის კომიტეტში და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მივდივართ ბოროტ კაპიტალისტურ ქვეყანაში, სადაც ძალიან ცუდი ადამიანები ცხოვრობენ, არავის დაელაპარაკოთ... ამ იდეოლოგიით ჩვენი ტვინი დაბინძურებული იყო.
„საკმაოდ დიდი ვიყავი, მაგრამ გერმანიაში მეგონა მიტაცებდა ვიღაცა ქალი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ პატივი ეცა, წავეყვანე თავის სახლში და რაღაც ელემენტარული ურთიერთობა გვქონოდა," - აღნიშნა მან.
მისი განცხადებით, იმ რეჟიმისა და იდეოლოგიის თავადაც მსხვერპლნი იყვნენ და წითელი ყელსახვევის „მზიურის" ტკბილი ბავშვობის სიმბოლო იყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატებიც ვერ აკეთებდნენ იმას, რასაც „მზიური" საქართველოსთვის აკეთებდა.
„ასე რომ, ჩვენც მსხვერპლი ვართ იმ იდეოლოგიის; არავის მოსწონდა საბჭოთა კავშირი. ყელსახვევი უბრალოდ სიმბოლო იყო ჩვენი ბავშვობის. მზიურს განსაკუთრებული და უბედნიერესი ბავშვობა ჰქონდა და არ გვაქვს ამის გახსენების უფლება? ვინც მზიურს დაადანაშაულებს იმაში, რომ სამშობლო არ უყვარსო, იმის მეოთხედი მაინც გააკეთოს, რასაც თავის დროზე მზიური აკეთებდა საქართველოსთვის. დიპლომატები ვერ აკეთებდნენ იმას, რასაც მზიური აკეთებდა," - განაცხადა ეკა კახიანმა.