
მოსკოვში სამმა დამ საკუთარი მამა, 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანი დანებით მოკლა. ინფორმაციას armeniasputnik.am ავრცელებს. პოლიციას მომხდარის შესახებ უფროსმა დამ, 19 წლის ანგელინამ უამბო. მამის მოკვლაზე გოგონები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, თუმცა კონკრეტული გეგმა რამდენიმე დღით ადრე დასახეს.
27 ივლისს, როდესაც მიხაილს სავარძელში ჩაეძინა, გოგონები მამას დანებით დაესხნენ თავს. მამაკაცმა შეძლო მათგან თავი დაეხსნა, თუმცა ძლიერი სისხლდენის გამო გაქცევა ვერ შეძლო და მალე გარდაიცვალა კიდეც.
„ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო,“ - განუცხადა გამოძიებას ანგელინამ.
გოგონების თქმით, მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.
„ეს ისტორია დიდი ხანია, გრძელდება. მამა ერთ-ერთ შვილს აუპატიურებდა კიდეც, ეს მუდმივად ხდებოდა. ერთხელ ტყეში წაიყვანა და მოკვლით დაემუქრა. მიხაილს კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი, "ავტორიტეტი" იყო. არსად მუშაობდა, მის ბარათზე ფული თავისით ირიცხებოდა,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი გოგონა, რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.
სექსუალური ძალადობის გამო მიხაილის შვილმა თავის მოკვლაც სცადა და ბევრი აბი მიიღო. ექიმებს მამამ განუცხადა, რომ გოგონას წამლები აერია.