ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, ინსპექტირება მიმდინარე წელს საერთო ჯამში გაიარა 50 994-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, მათ შორის, შემოწმდა იურიდიული პირების კუთვნილი - 14 598 ავტომობილი.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომელთაც ტექინსპექტირება გაიარეს, გამართული იყო 37 722 (73.97%).
ინსპექტირების დროს ხარვეზი აღმოჩნდა 11 883, ანუ 23.30%-ის შემთხვევაში. განმეორებითი ტექინსპექტირება გაიარა 8 403-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, ანუ 70.71%-მა. განმეორებითი შემოწმებისას ისევ ხარვეზი აღმოჩნდა 365 (4.343%).
გზაზე გადაადგილება აეკრძალა 1 389 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რაც 2.723%-ს შეადგენს.
ამასთან ცნობილია, რომ საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება.
2019 წლის 1 იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებული ავტოპარკის თითქმის ნახევარი 20 წელზე მეტი ხნის არის.
სამინისტროს მონაცემების თანახმად, ავტოპარკი სულ 413 816 მანქანისგან შედგება. აქედან, 3-წლამდე ავტომობილების რაოდენობა 1,3%-ია (11 695), 4-დან 6-წლამდე - 2,3% (20 691), 7-დან 10-წლამდე - 5,4% (48 578), 11-დან 20-წლამდე - 45% (404 820) და 20 წელზე ზემოთ - 46% (413 816).
1 ივლისიდან სავალდებულო გახდა სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება.
ერთი მსუბუქი ავტომობილის შემოწმება 60 ლარი ღირს, სატვირთოსი კი - 100 ლარი.
აუდიტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% მანქანებზე მოდის.
ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ე.წ ჭკვიანი კამერები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით პირველი ნოემბრიდან ჩაირთვება, იმ ავტომობილების იდენტიფიცირებას მოახდენს, რომლებიც სავალდებულო ტექდათვალიერების გავლას ექვემდებარებიან და არ გაუვლიათ. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ განაცხადა."ჩვენ ამაზე უკვე აღარ დავხარჯავთ საპატრულო პოლიციის რესურსს და აღსრულება უკვე მოხდება ტექნოლოგიების გამოყენებით" - განაცხადა ხუციშვილმა გადაცემაში "პირისპირ".
მისივე თქმით, საპატრულო პოლიცია აღსრულების პროცესში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაერევა.პირველი ნოემბრიდან "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" თანახმად ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. ამასთან, თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ე.წ ჭკვიანი კამერები ამუშავდება.