საქართველოში ერთ წელიწადში ექიმების რაოდენობა 810-ით, ექთნების კი მხოლოდ 414-ით გაიზარდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ექთნების მწვავე დეფიციტია. ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის თქმით, ქვეყანაში ერთ ექიმზე 0.7 ექთანი მოდის. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია. შვეიცარიაში ექთნების რაოდენობა ექიმებთან მიმართებაში 4,3-ია; ფინეთში - 4,8; საფრანგეთი-გერმანიაში -3,3; უკრაინაში -2,2.
„საქართველოში რეალობა ძალიან რთულია, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ექთნების კატასტროფული დეფიციტია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სერგო ჩიხლაძემ.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 17 507 ექთანი, რაც მხოლოდ 414-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2016 წელს ქვეყანაში სულ 17 093 ექთანი იყო დასაქმებული. რაც შეეხება ექიმებს, აქ საერთო მაჩვენებელიც მაღალია და ერთწლიან ინტერვალში ზრდაც დიდი. კერძოდ, 2017 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 27 362 ექიმი, 2016 წელს კი 26 552.
ექთანი დაუფასებელი პროფესიაა, ანაზღურება ძალიან დაბალია და ამიტომაც ამ პროფესიის დაუფლების სურვილს ცოტა ადამიანი თუ გამოთქვამს. ამ დროს კი არც ხელისუფლებისა და არც კერძო სექტორის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.