ტატა შოშიაშვილი
31.07.2018

 უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დონეცკში არსებული საომარი სიტუაცია ძალიან გამწვავდა, ამის შესახებ განცხადებას დონეცკის თვითაღიარებული "სახალხო რესპუბლიკა" აკეთებს.

უკრაინაში ქართული ბატალიონის უფროსის მამუკა მამულაშვილის თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება იყო ერთგვარი პოლიტიკური ხრიკი, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მოსალოდნელ საარჩევნო პროცესთან და მიმართულია იმაზე, რომ გაზარდოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ელექტორატი.

ვითარების გამწვავებამდე დონეცკის სახალხო რესპუბლიკი წარმომადგენლობამ გავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინელმა ძალოვნებმა ერთ დღეში 11-ჯერ დაარღვიეს მორატორიუმი.

"რეზონანსთან" საუბრისას მამუკა მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებები გამორჩევით აშუქებენ მსგავს ფაქტებს, ხოლო პოლიტიკური პარტიები ომის საფრთხით მანიპულირებენ:

"არაფერი განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ ხდება, უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ინფორმაციულად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ზოგჯერ აშუქებენ ამას, ზოგჯერ-არა. ახლა არჩევნების პერიოდია და აქ, სამწუხაროდ, მიღებულია მსგავსი პრაქტიკა - როგორც კი რომელიმე პოლიტიკურ ძალას რეიტინგი უვარდება, მაშინვე, სასწრაფოდ იშველიებენ ომს. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ომია და საჭიროა სტაბილურობის შენარჩუნება. ასე, რომ შესაძლებელია ამ ფაქტთანაც იყოს დაკავშირებული გავრცელებული ინფორმაცია."-ამბობს მამულაშვილი.

მისივე თქმით, რეაულარ საბრძოლო მოქმედებები არ არის შეჩერებული და დონბასზე ხშირად იცვლება არსებული ვითარება:

"რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, სიტუაცია უცვლელია. როგორც ყოველთვის ნელ-თბილ ფაზაშია-ზოგჯერ ვითარება მწვავდება. პერიოდულად, როდესაც მსხვილკალიბრიანი არტილერია მუშაობს და საარტილერიო დარტყმები ხორციელდება, მაშინ ამბობენ, რომ სიტუაცია მწვავდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ სიტუაცია ყოველთვისაა გამწვავებული, ხოლო ადგილობრივი მასმედია ამას ხან აშუქებს, ხან-არა. თუმცა, ზოგჯერ აქტივობა უბრალოდ ვარდება. არაფერი განსაკუთრებული არ არის.

"იყო ადგილობრივი დარტყმები მძიმე არტილერიით და, რა თქმა უნდა, ამ არტილერიის განლაგება აკრძალულია მინსკის შეთანხმებით, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალები ბომბავს-ხოლმე უკრაინულ პოზიციებს. თუმცა შესაძლოა, რომ საარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდეს ვითარება," - აღნიშნა ქართული ბატალიონის უფროსმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მყოფი ქართველი ინსტრუქტორები ეხმარებიან უკრაინელ ჯარისკაცებს და საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ მათ:

"ამჟამად ჩვენი ინსტრუქტორები წვრთნიან უკრაინელებს. როგორც ადგილობრივებს, ასევე ბრიტანელ და ამერიკელ სამხედროებს არაერთხელ გაუსვიმთ ხაზი ქართული ლეგიონის პროფესიონალიზმისთვის. სწორედ ამიტომ, უკრაინის სხვადასხვა სახელმწიფო მუზეუმებში ქართული ლეგიონისთვის გაიხსნა 3 კუთხე," - განაცხადა მამულაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×