სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაუქმდა. როგორც სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვასილ ლორიამ განუცხადა, მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკითხების მოგვარებას დაჰპირდნენ.
"ჩვენ დღეს დაგვეკონტაქტნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ გვითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადავდგამდით, ნაცვლად პროტესტისა. მათ ასევე გვითხრეს, რომ ხვალ ჩვენ შეგვხვდება კომპანიის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, ხვალ დაგეგმილი პროტესტი ამ ეტაპზე გაუქმებულია", - განაცხადა ლორიამ.
მანამდე მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ხვალ, მძღოლების ნაწილი გაფიცვას გეგმავდა. მისი თქმით, მძღოლები ითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადი და 4 თვით მუშაობას ითხოვს.